HSBC დიდ ბრიტანეთში 62 ფილიალს დახურავს

2017 წლის განმავლობაში ბრიტანული ბანკი HSBC დიდ ბრიტანეთში 62 ფილიალს დახურავს.

როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ინტერნეტ და მობაილ ბანკინგის მოხმარების გაზრდას უკავშირდება.

„გადაწყვეტილება ფილიალების დახურვის შესახებ ასახავს იმის ცვლილებას თუ როგორ სარგებლობენ მომხმარებლები საბანკო მომსახურებით“, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში HSBC-ის ფილიალებში მომხმარებელთა რაოდენობა თითქმის 40%-ით შემცირდა. მომხმარებელთა 93% ბანკთან ურთიერთობისთვის მობილურსა და ინტერნეტს მიმართავს.

ბანკის წარმომადგენელთა თქმით, 2017 წლის ბოლოსთვის დიდ ბრიტანეთში მდებარე HSBC-ის ფილიალების რაოდენობა 625-მდე შემცირდება.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ბრიტანულმა ბანკმა დიდ ბრიტანეთში მდებარე თავისი ფილიალების ერთ-მეოთხედზე მეტი დახურა.