ნამახვან ჰესების კასკადის პროექტს CLEAN ENERGY GROUP GEORGIA განახორციელებს, - ამის შესახებ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდიდან“ იუწყებიან. ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული ინსტრუქციის და პროცედურების შესაბამისად, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ 2015 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობა-ოპერირება-ფლობის მიზნით.
ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, კერძოდ, შპს „ჯენერალ დეველოპმენტმა“, POWERCHINA RESOURCES LTD-მ და CLEAN ENERGY GROUP GEORGIA LLC-მ, რომლებმაც შესაბამისი წინადადებები წარმოადგინეს.
ზემოაღნიშნულ ინტერესთა გამოხატვაში ინვესტორის შერჩევის მიზნით, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ შექმნილმა შეფასების კომისიამ შეისწავლა თითოეული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გამარჯვებულად CLEAN ENERGY GROUP GEORGIA LLC გამოაცხადა.
„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან იმპლემენტაციის ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით.
„ნამახვან ჰესების კასკადის პროექტი ხორციელდება წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდინარე რიონზე, ის ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ზრდას, მოსახლეობის დასაქმებას, შეიტანს წვლილს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში და დამატებით წარმოქმნის წლიურ 1,514 გგვტ.სთ ელექტროენერგიას, რომელიც მთლიანად დარჩება საქართველოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.