ბაზარზე სოიოს ყველი ნატურალური ყველის სახელით იყიდება

ქართულ ბაზარზე სოიოს ყველი ნატურალურის გვერდით იყიდება და მათი ერთმანეთისგან გარჩევა არც ისე ადვილია.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენც არ მოვტყუვდეთ და ანალოგიურ სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ? - ამ შეკითხვით „ბიზნესპრესნიუსმა“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, სურსათის ექსპერტს ეთერ სარჯველაძეს მიმართა.

„ამდენი წელია ამ სფეროში ვმუშაობ და მეც კი გამიჭირდება სოიოს ყველის ნამდვილისგან გარჩევა. სოიოს ყველს ძირითადად მარხვაში მიირთმევენ, როცა ადამიანს რძის პროდუქტი ენატრება. რა თქმა უნდა, მისი ერთჯერადად, ან რამდენჯერმე მიღებით არაფერი დაშავდება, მაგრამ სოიოს ყველის ხშირად მიღება არ არის სასურველი. ამის მიზეზია ის, რომ სოიო რთულად ასათვისებელ ცხიმებს შეიცავს, განსხვავებით ჩვეულებრივი რძისგან, რომელშიც გაცილებით იოლად ასათვისებელი ცხიმები შედის. თავისთავად სოიო ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროდუქტია, თუმცა ადამიანის ორგანიზმი მას საკმაოდ რთულად ითვისებს. ამიტომ მისგან დამზადებული ყველი ვერასოდეს შეცვლის ნატურალურ ყველს, ის ვერასოდეს იქნება იმ ხარისხისა, როგორიც ჩვეულებრივი რძისგან მიღებული ყველია“, - აღნიშნა ეთერ სარჯველაძემ.

სურსათის ექსპერტის თქმით, ჩვეულებრივი ყველის მიღებისას ადამიანი კალციუმის საკმაოდ დიდ დოზას იღებს, სოიოს ყველში კი, კალციუმი არ არის, ამიტომ მისი კვებითი ღირებულება გაცილებით დაბალია.

„გარდა ამისა, გაურკვეველია, როგორ და რისგან დამზადდა სოიოს ყველი, მასში შეიძლება იყოს ემულგატორები და სხვა ნივთიერებები, არც ის ვიცით, დედოს ნაცვლად რა ნივთიერება გამოიყენეს. როგორც კარაქისგან დამზადებული პროდუქტი სულ სხვა ხარისხისაა და მარგარინისგან დამზადებული - სულ სხვა, ასევეა ამ შემთხვევაშიც. კარაქზე დამზადებული საკვები სასარგებლოა, მარგარინზე კი - ნაკლებად. აქვე ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: გავრცელებული ინფორმაციით, სოიოს ნაწარმი ხშირად გენმოდიფიცირებულია და იგივე ხომ არ ვრცელდება ყველზე? - ეს სულ სხვა, ცალკე განსახილველი თემაა. სწორედ ამიტომ, მე მივესალმები, რომ სურსათის უვნებლობის სააგენტომ ეტიკეტირების წესის შემოწმება ბოლო ხანებში ძალიან გაააქტიურა“, - ამბობს სურსათის ექსპერტი ეთერ სარჯველაძე.

მისი თქმით, ადამიანმა ხორცი, ყველი და სხვა მალფუჭებადი პროდუქტები ქუჩაში არ უნდა იყიდოს. ამავე მოსაზრებას იზიარებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა გემაზაშვილიც.

„ვიზუალურად სოიოს ყველს ნამდვილისგან ვერავინ გაარჩევს, თანაც, ის უფრო იაფია, ვიდრე ნატურალური რძისგან დამზადებული, ამიტომაც ყიდულობენ. თუმცა ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: ქუჩაში ნაყიდ ყველს არ მოჰყვება სერტიფიკატი, რომელიც მის ვარგისიანობას ადასტურებს. შეგახსენებთ: ჩვენ უკვე გვაქვს ტექნიკური რეგლამენტი რძისა და რძის პროდუქტების შესახებ, რომლითაც განსაზღვრულია, რომ თუ რძის პროდუქტი მცენარეულ ცხიმს შეიცავს, მის დასახელებაში არ შეიძლება იყოს გამოყენებული არც ერთი სიტყვა, რომელიც რძის პროდუქტზე მიანიშნებს.

მაგალითად: არ შეიძლება პროდუქტს ერქვას ყველი და მის შემადგენლობაში იყოს სოიოს ცხიმი, ან რომელიმე მცენარეული ცხიმი. აქედან გამომდინარე, თუ მაღაზიაში, ან სუპერმარკეტში სოიოს ყველი იყიდება, მის ეტიკეტზე არ უნდა ეწეროს სიტყვა - „ყველი“. მას უნდა ეწეროს „რძის შემცველი პროდუქტი“, ხოლო ინგრედიენტებში უნდა იყოს ზუსტი ჩამონათვალი, რისგანაც ის შედგება. სოიის ყველი - ეს არის სამარხვო პროდუქტი, რომელიც თავისი გემოთი მიმგავსებულია ყველთან. დამზადების თარიღიდან დაწყებული, მისი შემადგენლობით დამთავრებული - ეტიკეტზე ყველაფერი უნდა ეწეროს“, - აღნიშნავს ანა გემაზაშვილი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათი უწყება უკვე რამდენიმე წელია რუტინულად ამოწმებს, რამდენად შეესაბამება ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია სურსათის შიგთავსს, თუმცა ეს არ ვრცელდება ქუჩაში, კერძო პირების მიერ გამოტანილ პროდუქციაზე.

„შემოწმებისას ვითვალისწინებთ ყველაფერს, ვიღებთ ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდი რძის პროდუქტების ნიმუშებს, ვაგზავნით აკრედიტებულ ლაბორატორიაში და ვიკვლევთ, შეიცავს თუ არა მცენარეულ ცხიმს. თუკი ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციასა და პროდუქტის შიგთავსს შორის შეუსაბამობაა, ამ შემთხვევაში მწარმოებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით ჯარიმდება. ამიტომ, მთავარია, მომხმარებლმა ეტიკეტი მოითხოვოს და ყურადღებით წაიკითხოს. თუ პროდუქტი შეფუთული არ არის, მაშინ უნდა მოითხოვოთ საბუთი, ან ინფორმაცია მისი შემადგენლობის შესახებ. როდესაც სურსათს კერძო პირისგან ყიდულობთ, ამ ინფორმაციას ვერ მოიპოვებთ და არც გეცოდინებათ, რას ყიდულობთ, ამიტომ მომხმარებელს კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ - სურსათი შეიძინეთ იქ, სადაც მას ეტიკეტირება აქვს, სადაც მის შემადგენლობას არ მალავენ და სადაც ელემენტარული ჰიგიენური ნორმები მაინც არის დაცული. ეს რა თქმა უნდა, რძის ნაწარმსაც ეხება“, - აცხადებს ანა გემაზაშვილი.

ხათუნა ჩიგოგიძე