საქართველოში კონტრაბანდული თამბაქო გამოჩნდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა. როგორც საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური იუწყება, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საკუთარ სავაჭრო ობიექტში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე მალულად გაასაღა მარკირებას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი “მასტერი”. საგამოძიებო სამსახურის მიერ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 და 210-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

”აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საგამოძიებო სამსახური, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს, რათა არ მოხდეს ქვეყნის ტერიტორიაზე კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის შემოტანა”, - აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.