8 ციფრული უნარ-ჩვევა, რომელიც ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს

წინა თაობისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ციფრული მედიის ცოდნა განსაკუთრებულ უნარებად ითვლებოდა. ახლა კი მათ წარმატების მიღწევის მთავარ კომპეტენციად მიიჩნევენ. ამიტომაც ციფრული უნარ-ჩვევები კარგი განათლების აუცილებელი ნაწილია.

ციფრული ინტელექტი

ყველასთვის კარგად ცნობილი IQ-ს (ინტელექტი) გვერდით უკვე ჩნდება DQ (ციფრული ინტელექტი), რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანის ზოგადი ინტელექტი. ციფრული ინტელექტი არ არის თანდაყოლილი უნარი და ცოდნა. მისი ათვისება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. DQ პირობითად სამ დონედ იყოფა.

1-ელი დონე: ციფრული მოქალაქეობა

შესაძლებლობა, როცა ადამიანს ციფრული ტექნოლოგიების და მედიის გამოყენება უსაფრთხოდ, ეფექტურად და პასუხისმგებლობით შეუძლია.

მე-2 დონე: ციფრული შემოქმედება

შესაძლებლობა, როცა ადამიანს შეუძლია ციფრული ეკოსისტემის ნაწილი გახდეს. ამას კი ციფრული ხელსაწყოების საშუალებით კონტენტის შექმნით ახერხებს.

მე-3 დონე: ციფრული მეწარმეობა

შესაძლებლობა, როცა ციფრული მედიის და ტექნოლოგიების გამოყენებით გლობალური პრობლემების გადაწყვეტა და ახალი შესაძლებლობების შექმნაა შესაძლებელი.

აღნიშნული სამი საკითხიდან ციფრული შემოქმედება ყველაზე მეტადაა წახალისებული. უფრო და უფრო მეტი სკოლა ცდილობს მოსწავლეებს კოდინგი და რობოტიკა ასწავლოს. სწორედ ეს ორი მიმართულება ითვლება მნიშვნელოვნად დასაქმებისა და სამუშაო ადგილების შექმნის პროცესებში.

ციფრულ მეწარმეობას საგანმანათლებლო სისტემა უჭერს მხარს. ბევრი წამყვანი უნივერსიტეტი ქმნის კურსებს ტექნიკურ მეწარმეობაზე, რომ ინოვაციების წახალისება მოახდინონ.

თუმცა ციფრულ მოქალაქეობას ხშირად სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ციფრული მოქალაქეობაა ციფრულ სამყაროში ცხოვრების და ზოგადად, ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველი. მისი ათვისება ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს,

ციფრული უნარ-ჩვევები, რომლებიც ჩვენმა შვილებმა აუცილებლად უნდა ისწავლონ.

მშობლების უმეტესობა ფიქრობს, რომ ბავშვები ციფრულ უნარ-ჩვევებს ოჯახურ გარემოში თვითონ აითვისებენ. თუმცა მშობლების და მასწავლებლების თაობა სმარტფონებისა და სოციალური მედიის გარემოცვაში არაა აღზრდილი და მათ არ იციან, ბავშვებს სწორედ როგორ მიაწოდონ აღნიშნული უნარები.

ბავშვები ხშირად არიან ისეთი კიბერ რისკების ქვეშ, როგორიცაა ტექნოლოგიური მიჯაჭვულობა ან კიბერბულინგი. ამიტომაც მეტად აქტუალურია საკითხი, თუ რა ციფრული უნარ-ჩვევები უნდა აითვისონ ბავშვებმა.

ჩვენ გთავაზობთ 8 ციფრულ ჩვევას, რომელიც თქვენს შვილს აუცილებლად უნდა შეასწავლოთ.

ციფრული მოქალაქეობრივი იდენტობა: უნარი, როცა ადამიანს შეუძლია ონლაინ და ოფლაინ სწორი და ადეკვატური პროფილი შექმნას.

ეკრანთან გატარებული დროის მენეჯმენტი: უნარი, როცა ადამიანს შეუძლია ეკრანთან გატარებული დრო აკონტროლოს, არ მიეჯაჭვოს ონლაინ თამაშებსა და სოციალურ მედიას.

კიბერბულინგის მენეჯმენტი:

უნარი, როცა ადამიანს შეუძლია კიბერბულინგის შემთხვევები გამოავლინოს და გონვრულად გაუმკლავდეს მას.

კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტი: უნარი, რომ ადამიანმა მონაცემების დასაცავად ძლიერი პაროლი შექმნას და კიბერშეტევებს გაუმკლავდეს.

კონფიდენციალურობის მენეჯმენი: უნარი, რომ ადამიანმა პირადი ინფორმაცია გამოიყენოს ისე, რომ საკუთარი თუ სხვისი კონფიდენციალურობა არ დაარღვიოს.

კრიტიკული აზროვნება:

უნარი, როცა ადამიანს შეუძლია სწორი და მცდარი ინფორმაციის, საიმედო და საზიანო კონტენტის გარჩევა.

ციფრული ნაკვალევი: უნარი, როცა ადამიანს ციფრული ინფორმაციის თანმიმდევრობის გარჩევა და რეალურ ცხოვრებასთან კავშირის დამყარება შეუძლია.

ციფრული თანაგრძნობა:

უნარი, როცა ადამიანს სხვების გრძნობებისა და საჭიროების მიმართ ონლაინ თანადგომა შეუძლია.