დონალდ ტრამპი - ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი დღეა, ყველაფერთან ერთად ჩვენ კედელს ავაშენებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ დღეს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რიგ ნაბიჯებს გადადგამს, რომელთა შორისაა „კედლის აშენება მექსიკის საზღვარზე“.

„ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი დღე იქნება. ყველაფერთან ერთად ჩვენ კედელს ავაშენებთ“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტრამპი აპირებს აღმასრულებელი განკარგულების ხელმოწერას, მექსიკის საზღვარზე კედელის აშენების თაობაზე. აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიისას ამბობდა.

გარდა ამისა, როგორც Reuters და Associated Press იუწყებიან, ამ კვირას ტრამპი ასევე გასცემს განკარგულებას სირიის, ერაყის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისათვის ამერიკული ვიზების გაცემის შეჩერებაზე.

აკრძალვა მანამ იმოქმედებს, სანამ აშშ-ის ხელისუფლება არ შეიმუშავებს დევნილების შემოწმების უფრო მკაცრ მექანიზმს.