გარკვეული რაოდენობის ონლაინ სესხების გამცემი ინსტიტუტები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად გადაკეთდა, დანარჩენი კი ამ სტატუსის გარეშე აგრძელებს მუშაობას , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ონალაინ სესხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში უკვე შევიდა. მისივე თქმით, აღნიშნულის შემდეგ ეროვნულ ბანკს დაევალა გამოეცა შიდა ნორმატიული აქტები, რომლის მიხედვითაც იმ დეტალების განმარტება მოხდა, რაც ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრასა და ჯარიმებს ეხება.
კობა გვენეტაძის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი უკვე გამოცემულია და განმარტებულია, თუ როგორ უნდა მოხდეს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშება.
„გარკვეული რაოდენობის ონლან სესხების გამცემი ინსტიტუტები გადაკეთდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად, დანარჩენი კი ამ სტატუსის გარეშე აგრძელებს მუშაობას. ამ საკითხთან დაკავშირებით თუკი რაიმე განმარტებაა საჭირო, ეროვნული ბანკი მზადაა, გააკეთოს. იმ ონლაინ სესხების გამცემ ორგანიზაციებთან, რომლებიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად გადაკეთდა, ჩვენ გვაქვს კავშირი. ვაკვირდებით, თუ როგორ ხდება პროცენტის დათვლა, რა პროცენტით გაიცემა სესხები. ონლაინ სესხებზე ფიქსირდებოდა ძალიან მაღალი პროცენტები და იმ გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც მთავრობამ მიიღო, გარკვეული ზღვარი დაწესდა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.