ბლუმბერგის ანგარიშში საქართველოს ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის ქვეყნებში შეყვანა ”ქართული ოცნების” გასული ოთხწლიანი არასწორი, მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, - ასე ეხმაურება ”ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე გამოქვეყნებულ ანგარიშს.
”ის ინდიკატორები, რომელსაც ბლუმბერგი ეყრდნობა და შემდგომ ინვესტორებისთვის გადაწყვეტილების მიღების მთავარი საფუძველი ხდება ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელებაზე, დაკავშირებულია ისეთ ეკონომიკურ ინდიკატორებზე როგორიც არის უმუშევრობის დონე, ინფლაცია, ვალუტის კურსი და სახელმწიფო რეზერვების რაოდენობა. ყველა ამ მიმართულებით ხელისუფლების არასწორი ნაბიჯების გამო ჩვენ გაუარესება გვაქვს და უახლოეს მომავალშიც არანაირი სტაბილურობის შეგრძნება ამ მიმართულებით არ არის. სწორედ ეს არის ბლუმბერგის უარყოფითი შეფასების საფუძველი, რაც ინვესტორებისთვის უარყოფითი სიგნალია და ჩვენი ქვეყნისთვის საბოლოო ჯამში, ეკონომიკური განვითრების შეუძლებლობის ერთ-ერთი საფუძველი”, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ამერიკული გამოცემა „ბლუმბერგი“ გლობალური რისკების რუკას აქვეყნებს. გამოცემა მსოფლიოს ქვეყნების წინაშე არსებულ საფრთხეებს აფასებს, რომელსაც ქვეყნები მიმდინარე წელს დაუპირისპირდებიან.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნების რისკის რუკა ეყრდნობა 29 ინდიკატორს, მათ შორის ინვესტორთა წინაშე არსებულ ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკებს.
რუკაზე „ბლუმბერგი“ გამოყოფს ოთხ ძირითად კომპონენტს - რეზერვებს, უმუშევრობას, ინფლაციას და სავალუტო რყევებს კონკრეტულ ქვეყანაში. საერთო რისკის მაჩვენებელი 0-დან 100-მდე შკალით ფასდება. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო ნაკლებია ქვეყანაში რისკის დონე.
საქართველო „ბლუმბერგის რისკების რუკაზე“ მაღალი რისკების მქონე ქვეყანაში მოხვდა 11,6 ქულით. რუკის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის რისკ ფაქტორი 11,4%-ით შეფასდა, ინფლაციის კი 4,4%-ით.