ზოგადი ტენდერის პირობების შესაბამისად კომპანიებისათვის ზღვრული სავაჭრო ფასია შეთავაზებული და კორუფციულ გარიგებაზე საუბარი ზედმეტია , - ამის შესახებ დღეს თბილისის მერიაში მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გივი კუბლაშვილმა განაცხადა.
გივი კუბლაშვილმა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თემურ გრიგალაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა, რომელიც კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს ეხებოდა. გივი კუბლაშვილმა თემურ გრიგალაშვილის მიერ კეთილმოწყობის სამსახურის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს აბსურდული და საქმეში ჩაუხედავი ადამიანის განცხადება უწოდა. კუბლაშვილის თქმით, ორ ტენდერს შორის არანაირი 300 000 ლარის სხვაობა არ არსებობს. ეს არის ზოგადი ტენდერები.
”ეს არის ზოგადი ტენდერები და მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ტენდერის პირობებში ობიექტები დაფიქსირებული არ არის. კომპანიას ასფალტის საფარის ტრანსპორტირება თბილისში და მის შემოგარენში განსხვავებული ფასი უჯდება. ტენდერის მიხედვით კომპანიებისთვის შეთავაზებული გზის საფარის მოწყობის ზღვრული ფასი 18 ლარზე მეტი არ იქნება”, - განაცხადა გივი კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, საუბარი არის ორ განსხვავებულ ტენდერზე. კერძოდ, ერთი არის ნაყიდი საპროექტო ტენდერი, რომლის ფასებსაც თავად კომპანია ადგენს და მეორე, ზოგადი ტენდერი, სადაც ფასებს მერია ადგენს.
”განსხვავება არის ის, რომ პროექტანტმა ზუსტად იცის, რომელ ობიექტზე არის საუბარი და რა დაუჯდება შემოთავაზებულ კომპანიას ასფალტის საფარის ტრანსპორტირება, ხოლო ზოგადი ტენდერების არსი არის ის, რომ არ არის დაფიქსირებული ადგილები. აქედან გამომდინარე მინდა აღვნიშნო, რომ თბილისში და მის გარეუბნებში ტრანსპორტირება განსხვავებული ფასები ჯდება. ზოგად ტენდერში რისკს თავად კომპანია იღებს. ეს არის აბსურდული ბრალდება. ასე ცხადდებოდა ტენდერები ორი წლის განმავლობაში და ამაზე პრეტენზია არავის ქონია. ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ვინც ჩვენს წინააღმდეგ ეს ბრალდება წარადგინა, საქმეში კარგად ჩახედული არ არის”, - განაცხადა კუბლაშვილმა.