ჩვენ გვაქვს კონცეპტუალური საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რეკლამირების დროს ფასი დასახელებული უნდა იყოს ლარში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. გვენეტაძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონი ძალაში პირველი ივლისიდან შედის.
,,ლარში ფასის დანახვა ნამდვილად კარგია. როდესაც იგივე ბიზნესოპერატორებთან ჩვენ ვყიდულობთ ბილეთებს, ალბათ კარგი იქნება ვიცოდეთ, რა ღირს ეს ყველაფერი ლარში. როდესაც ფასს ვხედავთ ევროში ან დოლარში და როდესაც ჩვენი შემოსავალი არის ლარში, უნდა ვიცოდეთ, რა ღირს ის ლარში. ჩვენ გვაქვს კონცეპტუალური საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რეკლამირების დროს ფასი უნდა იყოს დასახელებული ლარში. კანონი ამასთან დაკავშირებით ძალაში შედის პირველი ივლისიდან. ეს იმიტომ ხდება პირველი ივლისიდან, რომ თუკი რამე საკითხები არის გასავლელი, ეს პერიოდი იქნას გამოყენებული. ეროვნული ბანკი ყოველთვის მზად არის შეხვდეს ბიზნესის წარმომადგენლებს და ის საკითხები რაც მათ აქვთ განსახილველი, განიხილონ. ეს პერიოდი არის სპეციალურად გაკეთებული და მათ აქვთ საშუალება, რომ ეს საკითხები დასვან. ამასთან დაკავშირებით ბიზნესის წარმომადგენლებს ჯერჯერობით არ მოუმართავთ ჩვენთვის, რადგან დრო არის დარჩენილი. რა განმარტებაც არის საჭირო, ჩვენ აუცილებლად მივაწვდით მათ“, -განაცხადა კობა გვენეტაძემ.