საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების უმრავლესობა, 62% ფინანსურად მშობლებზეა დამოკიდებული. ამის შესახებ ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევაში „თაობა გარდამავალ პერიოდში’’ არის ნათქვამი. კვლევის თანახმად, ახალგაზრდების 27%-სთვის შემოსავლის წყაროს პირადი ანაზღაურება წარმოადგენს, მათ შორის ხელფასი. კვლევაში მონაწილეთა 14% აცხადებს, რომ მას პარტნიორი (მეუღლე, პარტნიორი გოგო/ბიჭი) არჩენს. გამოკითხული ახალგაზრდების 8% აცხადებს, რომ ფინანსურად მშობლები და ნათესავები ეხმარებიან. 7%-ის თქმით, მისი შემოსავალი ოჯახის პენსიაა.
კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების ხარჯების დიდი ნაწილი მიმდინარე კრედიტების დაფარვაზე მოდის.
”ახალგაზრდების 20% მიმდინარე კრედიტს იხდის, რომლის საშუალო თვიური ხარჯი 190 ლარს შეადგენს. ასეთი ხარჯები განსაკუთრებით მაღალია თბილისის გარდა, სხვა ქალაქებში მცხოვრები რესპონდენტებისთვის. სიდიდით მეორე ხარჯი - საშუალოდ, 110 ლარი თვეში მოგზაურობაზე მოდის, ხოლო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საყიდლად და სიგარეტისთვის ყველა კატეგორიის ხარჯი თვეში საშუალოდ 80 ლარია. ახალგაზრდები გართობაზე თვეში საშუალოდ 60 ლარს ხარჯავენ და ეს ხარჯი მოიცავს, როგორც კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებას, ასევე მეგობრების შეკრებებსაც, ხოლო მათი ყოველდღიური გადაადგილების სატრანსპორტო ხარჯი თვეში დაახლოებით 55 ლარია. სახლის გარეთ კვება თვეში საშუალოდ 42 ლარს შეადგენს. წიგნების შესაძენად, მობილურისა და სილამაზის სალონის ხარჯებისთვის ახალგაზრდები თავიანთი ბიუჯეტის ყველაზე მცირე წილს ხარჯავენ”, - ნათქვამია კვლევაში.
კვლევის მიხედვით, შედარებით მაღალი შემოსავლიდან გამომდინარე, ტრანსპორტზე, გართობაზე, გარეთ ჭამასა და სიგარეტზე ახალგაზრდა მამაკაცები უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე ქალები.
”ერთადერთი ხარჯი, რომელიც ახალგაზრდა ქალებისთვის უფრო მაღალია, ვიდრე ამავე ასაკის მამაკაცებისთვის, სილამაზის სალონის ხარჯებია. დასაქმებულ ახალგაზრდებს უფრო მაღალი დანახარჯები აქვთ. ხარჯების მოცულობა ასევე მაღალია მონაწილეებისთვის, რომლებიც მაღალ სოციალურ ფენას მიეკუთვნებიან. ხარჯები ასევე იზრდება ასაკთან ერთად”, - ნათქვამია კვლევაში ”თაობა გარდამავალ პერიოდში“.
კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების 70% თავის მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მშობლებზე დამოკიდებულების ხარისხი, ასაკის ზრდასთან ერთად იკლებს. 14-18 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ახალგაზრდების 90% ცხოვრობს მშობლებთან ერთად. საშუალო ასაკობრივ კატეგორიაში (19- 24 წელი), ეს მაჩვენებელი 67%-ია, ხოლო 25-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში რესპონდენტების მხოლოდ 52% ცხოვრობს მშობლებთან ერთად.
ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ კვლევა ”თაობა გარდამავალ პერიოდში” 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში ჩატარდა. იგი ქვეყნის მასშტაბით 14-29 წლის ახალგაზრდებს მოიცავს.