„ეროვნული ფრონტის“ ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი მარინ ლე პენი საფრანგეთის ევროზონიდან გამოსვლას და საკუთარი ვალუტის შექმნას მხარს უჭერს. აღნიშნულის შესახებ მარინ ლე პენმა რადიოსადგურ Europe1-ის ეთერში განაცხადა.
„მე მხარს ვუჭერ ეკონომიკურ პატრიოტიზმს, თუმცა საამისოდ საჭიროა ევროკავშირის რიგი წესების ეჭვის ქვეშ დაყენება“, - განაცხადა მარინ ლე პენმა.
მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ დაიწყებს „ოთხი სუვერენიტეტის პროგრამის“ განხორციელებას და ევროკავშირთან მოლაპარაკებებს შეუდგება.
„პირველ რიგში, ეს ტერიტორიული სუვერენიტეტია, რათა ქვეყანა დავიცვათ მიგრანტების შემოდინებისგან. კერძოდ, შენგენის ზონის შესახებ შეთანხმების გადახედვა, მაგრამ ასევე ეს საკითხი ეხება ეკონომიკურ-საბიუჯეტო და სავალუტო სუვერენიტეტს და რა თქმა უნდა, საკანონმდებლო სუვერენიტეტს“, - აღნიშნა „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა.
„სავალუტო სუვერენიტეტი ნიშნავს საკუთარი ეროვნული ვალუტის შექმნას. ევროს სისტემა კრახით სრულდება. ევროს შემოღებამ ევროკავშირის ქვეყნებში ფასების ზრდა გამოიწვია. მაგრამ, პირველ რიგში, ევრო ძლიერი მუხრუჭი გახდა“, - დასძინა მარინ ლე პენმა.
მარინ ლე პენის თქმით, საფრანგეთში ერთი ვალუტა იქნება - ეროვნული ვალუტა.