ფინანსთა სამინისტროს შემუშავებული აქვს ძალიან კარგი ფორმატი, რომელიც გულისხმობს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგს, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კომუნიკაცია გრძელდება ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიც მოგების გადასახადის რეფორმაა. როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, ასეთი შეფასება გაკეთდა ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერითა და დაფინანსებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელზეც მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალ წესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებული სიტუაციური სახელმძღვანელოების პროექტი განიხილეს.
მათივე ცნობით, აღნიშნული დოკუმენტის მიზანია, დაეხმაროს გადასახადის გადამხდელებს მოგების გადასახადის რეფორმით გათვალისწინებული სიახლეების დანერგვაში და მათ არ შეექმნათ სირთულეები დეკლარირების პერიოდში.
”დღეს საქართველოში მოქმედი ქართული და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ვისაუბრეთ მოგების გადასახადის ახალ მოდელთან დაკავშირებით და განვიხილეთ სიტუაციური სახელმძღვანელოები, სადაც უკვე პრაქტიკული მაგალითებია მოცემული თუ როგორ უნდა დაიბეგროს მოგების გადასახადის ახალი მოდელით ესა თუ ის ტრანზაქცია და ოპერაცია. იმედი გვაქვს, აღნიშნული სახელმძღვანელოები გადამხდელებს დაეხმარება, უკეთ გაერკვიონ იმ საკანონმდებლო ნორმებში, რომელიც უკვე მოქმედებს 1-ლი იანვრიდან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სახელმძღვანელო დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში აისახება ბიზნესის მხრიდან გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები, რაც ხელს შეუწყობს მოგების გადასახადის რეფორმის წარმატებით განხორციელებას.
სიტუაციური სახელმძღვანელოები დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდებზე და ხელმისაწვდომი იქნება გადასახადის გადამხდელებისთვის.