ხულოში, სოფელ თხილვანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შეხვდა. შეხვედრა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას აჭარის მთავრობამ დახმარების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა. კერძოდ, უსაფრთხო ადგილზე კორპუსების აგება ან თითოეულ ოჯახზე 25 ათასი ლარის გამოყოფა, რაც ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
„მთავარი ადამიანების უსაფრთხოებაა. ჩვენ ინდივიდუალურად შევისწავლით მათ მდგომარეობას. პირველ რიგში 31 ოჯახის სასწრაფო განსახლება მოხდა, რომლებიც რისკის ზონაში არიან, რათა განმეორებითი მეწყრული პროცესების შემთხვევაში რისკფაქტორები თავიდანვე იყოს აცილებული. ხვალიდან სამთავრობო კომისია ინდივიდუალურად ყველა ოჯახთან მივა და შეისწავლის, რათა პროგრამების მიხედვით მათი დაკმაყოფილება მოხდეს. ამ სოფელში 62 ოჯახი საჭიროებს განსახლებას, თუმცა, 31 სასწრაფოდ გადასაყვანია უსაფრთხო ადგილზე“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ.
„შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვართ, რადგან ჩვენი გულისტკივილი ყველამ გაიზიარა. ახალი წინადადებები წამოვიდა. იმისათვის, რომ სოფელი არ დაიცალოს, მთავრობა გვთავაზობს უსაფრთხო ადგილზე კორპუსების აშენებას, სადაც ჩვენ შევსახლდებით. ასევე ძალაშია 25 ათასი ლარი, რომელიც სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად არის გამოყოფილი. შემოთავაზებებით კმაყოფილი ვართ და კომისიის მუშაობას ველოდებით“, - განაცხადა სოფელ თხილვანას მკვიდრმა თეიმურაზ ქამადაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
ხულოში, სოფელ თხილვანაში მეწყერი რამდენიმე კვირის წინ ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივები უსაფრთხო ადგილზე განსახლებას ითხოვენ. მათი განცხადებით, სოფელში ჩამოწოლილმა მეწყერმა 60-მდე ოჯახს საფრთხე შეუქმნა.