მჯერა, 2017 ამითაც გამორჩეული წელი იქნება და ჩვენ, კიდევ ბევრ სხვა საერთაშორისო რეიტინგში ავსახავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის წარმატებას , - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ “კორუფციის აღქმის ინდექსს“.
„გილოცავთ ყველას. საქართველომ, კორუფციის აღქმის კუთხით, რეიტინგი გაიუმჯობესა და ისტორიულად ყველაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. ჩვენი ქვეყანა რეგიონში უპირობო ლიდერია. მჯერა, 2017 ამითაც გამორჩეული წელი იქნება და ჩვენ, კიდევ ბევრ, სხვა საერთაშორისო რეიტინგში ავსახავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის წარმატებას“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ “კორუფციის აღქმის ინდექსის“ 2016 წლის კვლევაში საქართველოს 57 ქულა აქვს და 44-ე ადგილზეა 176 ქვეყანას შორის, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფისში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადეს.
კვლევის პრეზენტაცია ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა და პროგრამის მენეჯერმა ერეკლე ურუშაძემ წარმოადგინეს, რომლებმაც განაცხადეს, რომ გასულ წელს საქართველოს 52 ქულა ჰქონდა, წელს კი ქვეყანამ ამ კუთხით უკეთესი შედეგი აჩვენა.
2016 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე ყველაზე დაბალია დანიასა და ახალ ზელანდიაში 90 ქულით, ხოლო ყველაზე მაღალი - სომალიში, სადაც 10 ქულა ფიქსირდება. საქართველოს მაჩვენებელი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოკლებით და ცენტრალური აზიის რეგიონში.