დევნილთა დახმარების სისტემის ახალი რეფორმის მეორე ტალღა უახლოეს მომავალში დაიწყება, - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მინისტრის თქმით, რეფორმა მთლიანად მორგებული იქნება დევნილ ოჯახებზე. უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რეფორმა დევნილთა სტატუსის გაუქმებას არ შეიცავს, თუმცა დამატებითი დეტალებისგან თავი შეიკავა.
”დიდი ხანია ვაპირებთ დევნილთა დახმარების სისტემის რეფორმას. ეს არ არის ახალი ამბავი. ამის შესახებ ნათლად წერია დევნილთა დახმარების სტრატეგიაში, რომელიც მიღებულია 2015 წლის 4 თებერვალს. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ დევნილთა სტატუსს არავინ ეხება, ეს არის მიმართული იმისკენ, რომ დევნილთა დახმარების სისტემა უფრო მეტად იყოს ეფექტური და უფრო მეტად იყოს ორიენტირებული მძიმე მდგომარეობაში მყოფ დევნილებზე და არა იმ ადამიანებზე, რომლებსაც დახმარება არ სჭირდებათ. ამ რეფორმის პირველი ეტაპი გატარდა 2013 წელს, სადაც ფინანსთა სამინისტრომ აღმოაჩინა დევნილი ოჯახები, რომელთა წლიური შემოსავალი აღემატებოდა 3 მილიონ ლარს, ამ დევნილი ოჯახების წევრები იღებდნენ სახელმწიფოსგან დახმარებას და მგონი ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არის არასწორი.
ეს რეფორმა გულისხმობს, რომ თითოეული დაზოგილი თეთრი მოხმარდება ისევ და ისევ დევნილებს, სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახების პირობების გაუმჯობესებას, შემოსავლების ზრდასა და გაჩენას, დასაქმებას, მშენებლობებს და დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას”, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
დევნილთა და განსახლების მინისტრის განცხადებით, განიხილება რეფორმის რამდენიმე ვარიანტი, რომლის განხილვაშიც მონაწილეობას ექსპერტები, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციები ღებულობენ. მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც უწყება საბოლოო ვარიანტზე შეჯერდება, ამის წარდგენა მოხდება საკანონმდებლო ორგანოში, სადაც კონსულტაციები გაიმართება პარლამენტში შემავალ პოლიტიკურ ჯგუფებთან.
”როგორი რეფორმა ამოქმედდება, ჯერჯერობით უცნობია. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელშიც ჩართულნი არიას ექსპერტები, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციები. შეხვედრა მქონდა საპარლამენტო უმრავლესობის მცირე ჯგუფთანაც. მას შემდეგ, რაც მოხდება საბოლოო ვარიანტზე შეჯერება, მას განიხილავს მთავრობა და პარლამენტი, მის შემუშავებაში მონაწილეობას მიიღებს პარლამენტში შემავალი თითოეული პარტია. განიხილება რამდენიმე ვარიანტი. არ მსურს მათი დასახელება, რადგან შესაძლოა ეს რიგი პოლიტიკოსებისა თუ პოლიტიკური პარტიის მხრიდან მანიპულირების საშუალება გახდეს. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, შემუშავებული რეფორმა მთლიანად მორგებული იქნება დევნილ ოჯახებზე”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.