კომერციულ ბანკებს სავალუტო სესხების გალარების წინადადებით 5000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, მათგან 250-ზე მეტმა საკუთარი სესხი უკვე გაალარა, - ამის შესახებ საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ განაცხადა. მისივე თქმით, კომერციულმა ბანკებმა მათთვის გამოყოფილი 5 სამუშაო დღის განმავლობაში გალარების ყველა პოტენციურ მონაწილეს შეატყობინეს პროგრამაში მათი მონაწილეობის შესახებ.
„გალარება ერთჯერადი და დროით შემოფარგლული პროგრამაა. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ მის ყველა პოტენციურ მონაწილეს მიეცეს შესაძლებლობა, საკუთარი სადოლარე სესხი ლარში გადაიყვანოს. ბუნებრივია, საბოლოო გადაწყვეტილება მსესხებელმა უნდა მიიღოს, თუმცა დარწმუნებული ვარ, თითოეული მსესხებლისთვის კომერციულ ბანკებს შორის დიდი კონკურენცია იქნება, მით უფრო, რომ პროგრამის მონაწილეებს შეუძლია მომსახურე ბანკის შეცვლა და სესხის იქ გალარება, სადაც უკეთეს პირობებს შესთავაზებენ. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ საშუალო პროცენტი, რომელიც გალარებისას დაფიქსირდა, საბაზროა და 10-11 პროცენტის ფარგლებში მერყეობს“, - განაცხადა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ.
მისი თქმით, გალარების პროგრამაში მონაწილეობა მსესხებელს საშუალებას აძლევს, სავალუტო კურსზე დამოკიდებული არ იყოს და შეძლოს საკუთარი შემოსავლის განკარგვის პროგნოზირება.
სესხების გალარების პროგრამა 2017 წლის 17 იანვარს დაიწყო და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამა ეხება ფიზიკურ პირზე 2015 წლის 1-ელ იანვრამდე აშშ დოლარში გაცემულ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს. მთავრობა უზრუნველყოფს სესხების გალარებას შეღავათიანი კურსით, რომელიც შეადგენს კონვერსიის დღეს არსებულ პუნქტს მინუს 20 თეთრი 1 აშშ დოლარზე. სუბსიდია არ შეეხება მაღალი შემოსავლების მქონე პირებს, ანუ ვისი წლიური შემოსავალი 2015 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო ან ვისი სესხის ნარჩენი ოდენობა აღემატება 100 ათას აშშ დოლარს. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.