"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის განცხადებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის განხილვაზე პარლამენტის მხრიდან რეაგირება ძალიან სუსტია.
როგორც ეკა ლალიაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, მათ წერილობით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარეს, თუმცა გამოხმაურება პრაქტიკულად არ ყოფილა.
„ეს განწყობა გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამაზე ხელისუფლება არ რეაგირებს, არ აქვს პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურია და მუდმივ რეჟიმში გვაქვს შეხვედრები, მაგრამ მხოლოდ ერთი უწყება ამ საკითხს ვერ მოაგვარებს. მხოლოდ საპატრულო პოლიციისკენ ხელს ვერ გავიშვერთ. მათაც სჭირდებათ გარკვეული ბერკეტები. თუნდაც ის, რომ დღეს ყოველდღიურად დაახლოებით, 3000-დან 3 500-მდე ადმინისტრაციული ჯარიმაა გამოწერილი, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს არასაკმარისია. არც ადამიანური რესური კმარა და არც ის კამერები, რაც დღეს დამონტაჟებულია. გადასადგმელია შემდგომი ნაბიჯები და ამაში მხოლოდ ერთი უწყება უძლურია, თუ მას არ დაეხმარა სხვაც“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.