10-ჯერ შემცირებული შემოსავალი - რა იცვლება ბაზარზე ონლაინ სესხების რეგულირებით?

ონლაინ საკრედიტო კომპანიებზე ახალი რეგულაციების დაწესებით, ონლაინ სესხის გამცემი კომპანიების შემოსავალი 5-10-ჯერ შემცირდება. შედეგად ორგანიზაციათა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდება და ბაზარზე მხოლოდ მსხვილი კომპანიები დარჩებიან - ასეთია ონლაინ სასესხო კომპანიების შეფასება და მოლოდინი იმ რეგულაციებზე, რომელიც 16 იანვრიდან შევიდა ძალაში.

საუბარია სამოქალაქო კოდექსში შესულ ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ ონლაინ სესხების საპროცენტო განაკვეთის ლიმიტი დააწესა და სესხის საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედა ზღვარი განსაზღვრა. კერძოდ, გაცემული სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-ს; პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა კი ჯამურად ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

როგორც ონლაინსასესხო კომპანიების რეგულირების შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, პროცენტები ძალიან მაღალი იყო და მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გარკვეული ზღვარი დაწესდა. მისივე ცნობით, ეროვნულმა ბანკმა გამოსცა შიდა ნორმატიული აქტები, რომლითაც იმ დეტალების განმარტება მოხდა, რაც ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრასა და ჯარიმებს ეხება.

დოკუმენტის თანახმად, „ნებისმიერი საკომისიო და ფინანსური ხარჯი მოიცავს მხოლოდ გამსესხებლის მიერ მსესხებელზე დაკისრებულ ყველა იმ ფინანსურ ხარჯს, რაც არ არის გათვალისწინებული ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში. სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქცია კი მოიცავს გამსესხებლის მიერ მსესხებელზე დაკისრებულ ნებისმიერი სახის პირგასამტეხლოს/სანქციას, რომელიც არ არის სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად სესხის რეფინანსირების შემთხვევაში ან სესხის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ ვადაზე ადრე დაფარვისას, წინსწრებით დაფარვის საკომისიო“.

კომპანია „ოკკრედიტის“ საკრედიტო რისკების განყოფილების უფროსის შალვა წიგნაძის შეფასებით, „სახელმწიფო ფაქტობრივად, საკუთარ მუშტს ირტყამს ცხვირში“. როგორც წიგნაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ეს ცვლილებები ისევ ბიუჯეტზე აისახება უარყოფითად.

„შემოსავლის შემცირების პარალელურად კომპანიებს მოგებაც შეუმცირდებათ და ნაკლები მოგების გადასახადი შევა ბიუჯეტში. შემოსავლის კლება დანახარჯის კლებასაც გამოიწვევს. ეს კომპანიები შეამცირებენ რეკლამებს, მარკეტინგულ მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს, შედეგად მოგება შეუმცირდება მარკეტინგულ კომპანიებსაც და ბიუჯეტში აქედანაც ნაკლები გადასახადი შევა“, - აღნიშნავს შალვა წიგნაძე.

მისივე თქმით, კომპანიების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 500-დან 1 000%-მდე მერყეობდა. შესაბამისად, ცვლილებების შედეგად მათი შემოსავალი დაახლოებით, 5-10-ჯერ შემცირდება.

„რეგულაციები ბაზრის დიდ წილს შეამცირებს და ოპერირებას მხოლოდ დიდი მოთამაშეები გააგრძელებენ. დღეს ბაზარზე დაახლოებით სამოც კომპანიამდეა. 1 წლის შემდეგ კი მაქსიმუმ 15, ისიც უმსხვილესი კომპანია დარჩება. ჩემი ინფორმაციით, კომპანიებს 10-დან 70%-მდე აქტივები ვადაგადაცილებული აქვთ. შესაბამისად, იმისათვის, რომ საქართველოში ონლაინსასესხო კომპანიამ არსებობა შეძლოს, მინიმალური საპროცენტო წლიური განაკვეთი 250% უნდა იყოს,“-აღნიშნა წიგნაძემ.

კომპანია „ნეტკრედიტის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ზვიად აიწურაძის შეფასებით კი, ცვლილების შედეგად კომპანიებს შემოსავლიანობა პრაქტიკულად 3-ჯერ შეუმცირდებათ. რაც ქმნის იმის რისკს, რომ რიგმა კომპანიებმა ბაზარზე ოპერირება ვეღარ გააგრძელონ.

„შემოსავლის სამჯერ შემცირება ყოველგვარ გონივრულობას მოკლებულია. დიდია ალბათობა, რომ რიგმა კომპანიებმა დატოვონ ბაზარი. საუბარია შედარებით მცირე კომპანიებზე, რომელთაც იმდენი ფინანსური რესურსი თუ გამოცდილება არ აქვთ,“-აღნიშნა აიწურაძემ.

გარდა იმისა, რომ კომპანიები ძალიან დიდ მოგებაზე ვეღარ იმუშავებენ, არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოება და ბანკების“ საბანკო პროდუქტების ექსპერტის ანი ალიბეგაშვილის თქმით, სესხის გაცემის პირობების გამკაცრებაც მოუწევთ. მისივე თქმით, ონლაინ სასესხო კომპანიებს რიგ შემთხვევებში სარგებელი 4-5-ჯერ შეუმცირდებათ.

„მაღალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, გაცემული სესხების გარკვეული პროცენტული რაოდენობის დაბრუნების შემთხვევაშიც კი იმხელა თანხის ამოღება ხდებოდა, რომ კომპანიას მაინც ჰქონდა ბაზარზე საქმიანობის გაგრძელების საშულება. დღეს კი ცვლილებების შედეგად, კომპანიებს რისკები გაეზრდებათ. რის გამოც დაიწყებენ მსესხებლის, დაინტერესებული პირის შემოსავლების შესწავლას, რათა გარანტია ჰქონდეთ, რომ მათი სესხი დროულად დაბრუნდება. შედეგად, ყველაზე ვეღარ შეძლებენ სესხის გაცემას, შესაძლოა მსესხებლის ასაკი განსაზღვრონ არა 18 წლიდან, არამედ 21 ან 24 წლიდან“, - ამბობს ალიბეგაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ 2016 წლის აპრილში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბოლო 2 წლის განმავლობაში ონლაინ სესხების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ორგანიზაცია „კრედიტინფოს“ მონაცემებზე დაყრდნობით მომზადებულ კვლევაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ სესხებთან დაკავშირებით 4 მილიონი ჩანაწერია გაკეთებული, საიდანაც 300 ათასიდან 400 ათასამდე, ანუ 7-10% ვადაგადაცილებულია.

გაცემული ონლაინ სესხების საგანგაშო რაოდენობაზე საუბრობს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე და აღნიშნავს, რომ მათი დატვირთვა რადიკალურად განსხვავებულია, რადგან ზოგიერთი ადამიანი სესხს თამაშისთვის იღებდა.

მისივე ცნობით, ჯამში 400 მილიონი ონლაინ სესხია გაცემული მაშინ, როცა ქვეყანაში მოსახლეობა 3,7 მილიონია. ამ რაოდენობაში კი შედიან ბავშვებიც და 65 წლის ზემოთ მყოფი ადამიანებიც, რომლებიც ონლაინ სესხებით ვერ სარგებლობენ.

ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პრეზიდენტმა ხელი 13 იანვარს მოაწერა. შესაბამისად, ონლაინ სესხის გამცემ კომპანიებს უკვე ახალი პირობებით უწევთ ოპერირების გაგრძელება.