მექსიკის პრეზიდენტი ენრიკე პენია ნიეტო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მექსიკის საზღვართან კედელის აშენების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ეხება: იმიგრაციული ზომების მიღებასთან და საზღვარზე კედელის აშენებასთან დაკავშირებით. საპასუხოდ, მე დავავალე საგარეო საქმეთა მინისტრს გააძლიეროს ჩვენი თანამოქალაქეების დაცვის ზომები. აშშ-ში მდებარე მექსიკის 50 საკონსულო მიგრანტების უფლებების დაცვის ცენტრებად იქცევა“, - წერს ენრიკო პენია ნიეტო სოციალური ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
„ვწუხვარ და ვგმობ აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან კედლის აშენების გაგრძელება ჩვენ დაგვაშორებს და არა გაგვაერთიანებს. მექსიკას არ სჯერა კედლების. ადრე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: მექსიკა არ გადაიხდის ამ კედლის აშენების ხარჯებს“, - აღნიშნა მექსიკის პრეზიდენტმა.
„როგორც მექსიკის პრეზიდენტი, სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას დავიცვა და გავუფრთხილდე მექსიკისა და მექსიკელების ინტერესებს, მექსიკა ადასტურებს თავის მეგობრობას აშშ-ის ხალხთან და სურვილს, შეთანხმებას მიაღწიოს აშშ-ის მთავრობასთან. შეთანხმებას, რომელიც მექსიკისა და მექსიკელი ხალხის ინტერესებში იქნება“, - დასძინა ენრიკე პენია ნიეტომ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვართან კედლის აშენების თაობაზე განკარგულებას ხელი მოაწერა.
„ჩვენ მალე დავიწყებთ ამ საკითხზე მოლაპარაკებებს, რაღაც ფორმით მექსიკა აგვინაზღაურებს ხარჯებს“, - განაცხადა ტრამპმა.