საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში რეფორმის პაკეტის განხილვა საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე იგეგმება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ადმინისტრირება შესაძლოა გამკაცრდეს ისეთ დარღვევებზე, რომელიც ავარიების ხშირი მიზეზია.
„ვგეგმავთ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, არასამთავრობო სექტორის ჩართულობით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში რეფორმის პაკეტი საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე განვიხილოთ და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ. საუბარია, მინიმუმ რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტზე: ადმინისტრირება შესაძლოა, გამკაცრდეს ისეთ დარღვევებზე, რომელიც ავარიების ხშირი მიზეზია (სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა). მოხდება მართვის მოწმობის გამოცდის გადატანა რეალურ მოძრაობაში, რაც მართვის მოწმობას გახდის უფრო საიმედოს და მძღოლების საწყის კვალიფიკაციას უფრო მაღალს”, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, შესაძლოა დაინერგოს ქულების სისტემა, რომლის საშუალებითაც წლის განმავლობაში ის, ვინც საპატრულო პოლიციის მიერ პირადად დაჯარიმდება, თან დაკარგავს ქულებსაც და პირობითად 100 ქულიანი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მოუწევს მართვის მოწმობის შეჩერება ან შეწყვეტა და გამოცდის თავიდან ჩაბარება. თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ამ სისტემით ის მძღოლებიც, რომელთაც ჯარიმების გადახდა ადვილად შეუძლიათ, მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობენ.
მისივე თქმით, განიხილება უკონტაქტო პატრულირების დანერგვა, რაც ევროპასა და ამერიკაში აპრობირებული მოდელია და სამოქალაქო მანქანებით, რომელთაც სპეციალური ნიშანი აქვს მხოლოდ უკანა მხარეს და რომელსაც ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მართავს.
„ეს სისტემა საგზაო უსაფრთხოებას და ჩვენს მოქალაქეებს დაიცავს მაშინაც კი, როცა დამრღვევ მძღოლს ჰგონია, რომ საპატრულო ეკიპაჟი ახლო-მახლო არ არის. შესაძლოა, მოხდეს სიჩქარის მოძრავი დეტექტორების გამოყენება. დღეს ასეთი დეტექტორები მხოლოდ სტაციონარულად, ბოძებზე არის დამაგრებული და დამრღვევი მძღოლები ხშირად სიჩქარეს ანელებენ ბოძთან გავლისას. მომავალში შესაძლოა, გადასატანი დეტექტორები იქნას გამოყენებული, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას იქნება განთავსებული. უნდა მოხდეს ქალაქების და გზების დაფარვა ახალი, “ჭკვიანი” ვიდეოკამარებით, რომელთა მონტაჟიც უკვე დაწყებულია. ეს ვიდეოკამერები რეაგირებას მოახდენს დარღვევებზე და იქნება ჩართული ოპერატიული მართვის ერთიან ცენტრში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახლახან შექმნა რეფორმის ფარგლებში. ამ სისტემას ექნება საგრძნობი პრევენციული ეფექტი“, - აღნიშნა მან.
არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა მძღოლების, მგზავრების და ქვეითების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება საგზაო მოძრაობის შესახებ.
„საგზაო ნიშნების და უსაფრთხოების ძირითადი წესების დაცვა, ღვედის გამოყენება, საჭესთან მობილური ტელეფონით სარგებლობის აკრძალვა თუ გადასასვლელებზე გზის დათმობა, - ეს ელემენტარული წესები ხშირად, სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის ტოლფასია და ამის შესახებ რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. ეს იქნება კარგად დაგეგმილი და წარმატებული რეფორმა, რომელიც პარლამენტის, მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება და უკვე 1 წელიწადში მოგვცემს შედეგებს, გადაარჩენს ბევრი ადამიანის სიცოცხლეს, დაიცავს ბევრის ჯანმრთელობას და საქართველოში მოძრაობას გახდის უფრო უსაფრთხოს. ბუნებრივია, ქალაქის მერიის გეგმები საზოგადოებრივი ტრანსპორტის და პარკირების განვითარებაზე ამ ყველაფერს შეეხიდება და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის რეფორმის შედეგებს“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.