პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს საბაჟოს თანამშრომლებს საბაჟოს საერთაშორისო დღე მიულოცა.
უწყების ინფორმაციით, წელს საბაჟოს საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით საერთო სლოგანით - ”მონაცემთა ანალიზი საზღვრის ეფექტიანი მართვისთვის“ აღინიშნა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს საბაჟოს საქმიანობა დადებითად შეაფასა და უწყების თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
”არაერთი კვლევითაა დადასტურებული, რომ ჩვენ, პრაქტიკულად, არ გაგვაჩნია კორუფცია. როდესაც ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოთი, ვამბობთ, რომ ვართ სატრანზიტო ქვეყანა, ამ მიმართულებით, თქვენი როლი უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, საქართველოს საბაჟო თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მომსახურებით გამოირჩევა.
”საქართველოში მხოლოდ 15 წუთშია შესაძლებელი, განაბაჟოთ საქონელი და კიდევ უფრო მარტივად განახორციელოთ ექსპორტის პროცედურები. ძალიან მარტივად ხდება ტრანზიტზე მიმავალი ტვირთების გატარება. როდესაც ჩვენ ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგზე ვლაპარაკობთ, მისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ვაჭრობა და სწორედ ამ კომპონენტზე აისახება თქვენი ღვაწლი, ის დამოკიდებულება, რაც გაგაჩნიათ ბიზნესის მიმართ. ერთი მხრივ, აბსოლუტურად სამართლიანია, როდესაც თქვენ იცავთ კანონს მთელი სიმკაცრით, არ აძლევთ შესაძლებლობას კონტრაბანდას, რომ ქვეყანაში გაჩნდეს, რაც ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას და არა მხოლოდ შემოსავლებს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში. მეორე მხრივ, თქვენი კეთილგანწყობა ბიზნესისადმი, თქვენი მომსახურება, საბოლოო ჯამში, აისახება სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობაზე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მან მაგალითად მოიყვანა საერთაშორისო კვლევა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 90%-ზე მეტმა საქართველოს საბაჟო ბიზნესისადმი მეგობრულ და ბიზნესის ხელშემწყობ სტრუქტურად დაასახელა.
”მინდა იამაყოთ ამ მიღწევით, მაგრამ ამავე დროს გააუმჯობესოთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა როგორც კანონის დაცვით, ასევე ბიზნესის მომსახურების მიმართულებით“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
თავის მისალმებაში დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამშრომლობაზე რეგიონის ქვეყნებთან.
”როდესაც საერთაშორისო ვაჭრობაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმაციის ავტომატიზირებული გაცვლა, რაშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული ჩვენს მეგობარს ქვეყნებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს შესაძლებლობას მისცემს ჩვენს სახელმწიფოებს, ერთი მხრივ, უკეთესად მოახდინონ საზღვარზე მოძრავი საქონლისა და ტვირთის ადმინისტრირება, მეორე მხრივ კი, ეს შეამცირებს კერძო სექტორის დანახარჯებს ვაჭრობაში”, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საბაჟოს დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ღონისძიების მონაწილეებს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა, ასევე, აზერბაიჯანის, უკრაინის, თურქეთის, იტალიისა და მოლდოვის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმღვანელმა პირებმა.
შემოსავლების სამსხურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ ხუნდაძემ ფორუმის მონაწილეებს საბაჟო დეპარტამენტის წლიური ანგარიში წარუდგინა.
ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს მთავრობის, ბიზნეს სექტორის, დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენციის ფარგლებში საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკებს შორის ჩარჩო ფორმატის მემორანდუმი გაფორმდა.
აღსანიშნავია, რომ სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულების, გაწეული შრომისა და თავდადებისათვის, შემოსავლების სამსახურის სახელით, ღირსების მოწმობები გადაეცათ შემოსავლების სამსახურის 15 თანამშრომელსა და ორ სახელმწიფო უწყებას. (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს; შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო). ღირსების მოწმობებით დაჯილდოვდა ასევე, რამდენიმე კერძო კომპანიაც.