”საქართველოს ცირკის მოღვაწეთა კავშირი” მთავრობას დაფინანსების ნუსხაში შეყვანის მოთხოვნით მიმართავს. როგორც ”ცირკის მოღვაწეთა კავშირის” დამფუძნებელმა გოჩა ხარატიშვილმა განაცხადა, ქართული ცირკი დღეს საქართველოში არ არსებობს. მისი განმარტებით, მან ”ცირკის მოღვაწეთა კავშირი” ჩამოაყალიბა, რათა ქართული საცირკო ხელოვნება მთლიანად არ დასამარებულიყო.
”მე ჟურნალისტი ვარ, ქართული ”ცირკის მოღვაწეთა კავშირი” ჩემი ინიციატივით 2014 წლის 25 დეკემბერს ჩამოვაყალიბე იმისათვის, რომ ქართული საცირკო ხელოვნება მთლიანად არ დასამარებულიყო, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. იქიდან მოყოლებული ჩვენ დღემდე ვიბრძვით, რომ ხელისუფლებას მივაწვდინოთ ხმა, რომ ქართული ცირკი შეიყვანონ დაფინანსების ნუსხაში, მაგრამ ვერანაირად. დახმარების მაგივრად ხელს გვიშლიან”, - განაცხადა გოჩა ხარატიშვილმა.
მისი თქმით, ორი წლის განმავლობაში ცნობილი მსახიობების შიმშილით გარდაცვალების ხუთი ფაქტი დაფიქსირდა.
”ამ ორი წლის განმავლობაში ცნობილი მსახიობების შიმშილით გარდაცვალების ხუთი ფაქტი იყო. ამას ყურადღებას არავინ აქცევს. არც კულტურის სამინისტრო, ვისაც ეს ეხება და არც არავინ”, - განაცხადა გოჩა ხარატიშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი ქართული საცირკო ხელოვნების შემდგომი განვითარება-პოპულარიზაციისათვის გადაუდებელ ღონისძიებათა გატარების შესახებ.
”ეს კანონი თუ არ მიიღეს არაფერი ეშველება ქართულ საცირკო ხელოვნებას. ქართული დასი არსებობს, რომელსაც წელს 60 წლის იუბილე უსრულდება”, - განაცხადა ხარატიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მთავრობისთვისაც და დღევანდელი მთავრობისთვისაც მიუმართავს, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია.
”შარშან, თბილისობაზე უნდა მიგვეღო მონაწილეობა. თბილისობის რეჟისორი იყო პაატა ციკოლია. მან დაგვიბარა, წარვუდგინეთ ხარჯთაღრიცხვა და ორი დღით ადრე ამოგვიღეს სიიდან. ვინ ამოიღო დღემდე უცნობია, არ გვეუბნებიან”, - განაცხადა ხარატიშვილმა.
მისი თქმით, თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსს ია მაქაცარიას და განათლების მინისტრის მოადგილეს ლია გიგაურს ”ალერგია აქვთ ქართული ცირკის გაგონებაზეც კი”.
”ამ ხალხს ალერგია აქვს ქართული ცირკის გაგონებაზეც კი და ქალაქის მერიას საერთოდ. ჩვენს მსახიობებს არ უშვებენ არც სკოლებში, არც საბავშვო ბაღებში, რომ თავი გამოიჩინონ, ხელს გვიშლიან მუშაობაში”, - განაცხადა ხარატიშვილმა.