რუსეთის პატრიარქმა კირილემ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებს ქვეყანაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, საჭიროა საკანონმდებლო ბარიერების შექმნა ფინანსური სპეკულანტებისთვის.
„ეს მევახშეობის ამორალური პრაქტიკაა“, - ასე შეაფასა რუსეთის პატრიარქმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა. პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ ხშირად ასეთ კრედიტებს ალკოჰოლსა ან ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს აძლევენ.
„ამ ხალხის ოჯახებს შემდგომში უწევთ დიდი თანხების გადახდა და ხშირად ეს საკუთრების გაყიდვის ხარჯზე ხდება“, - განაცხადა მან.
რუსეთის პატრიარქი რუსეთში ღარიბებისთვის ბანკის შექმნის წინადადებით გამოვიდა. მისი თქმით, ის მსგავს გამოცდილებას ინდოეთში გაეცნო.
"ზოგჯერ ადამიანს უბრალოდ 200 აშშ დოლარი სჭირდება, რათა თავისი საქმე დაიწყოს. ინდოეთში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც შექმნა ღარიბებისთვის საბანკო სისტემა გასაგიჟებელი პროცენტების გარეშე“, - დასძინა მან.