„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, დავით თარხან-მოურავის ინფორმაციით, „გაზპრომთან“ დადებული შეთანხმების მიხედვით, საქართველო სამჯერ ნაკლებ სარგებელს მიიღებს, ვიდრე აქამდე იღებდა.
როგორც თარხან-მოურავმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აქედან გამომდინარე, ხელშეკრულება საქართველოსთვის არის ძალიან წარუმატებელი.
„ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც გაზს ყიდის, ცდილობს გადაიხადოს არა პროცენტი, არამედ სატრანზიტო ღირებულება. როგორც ჩვენ დავადგინეთ, სატრანზიტო ღირებულება არის 2 დოლარი და 70 ცენტი. 100 კილომეტრზე 1000 კუბურ მეტრი გაზის გატარებაზე ჩვენ ვიღებდით 8 დოლარსა და 41 ცენტს, როდესაც გვიხდიდნენ 10%-ს ნატურის სახით, ახლა კი მივიღებთ 2 დოლარსა და 70 ცენტს. ეს არის სამჯერ ნაკლები თანხა. სატრანზიტო ღირებულება დგინდება პირობებიდან გამომდინარე. ძალიან კარგი ფასია 4 დოლარი და წარმოუდგენლად კარგი ფასია 5 დოლარი და ასეთი ფასი დგინდება მაშინ, როდესაც არ არის ალტერნატივა. ალტერნატივა არ არის ამ შემთხვევაშიც სხვა, მხოლოდ ერთი გზა არის საქართველო. ამ შემთხვევაში ფასი არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ 2 დოლარი და 70 ცენტი, ფასი უნდა ყოფილიყო 4 დოლარი თუ 5 არა. ეს არის ძალიან წამგებიანი ხელშეკრულება. ასევე, აზერბაიჯანი საქართველო-თურქეთის გავლით ყიდის გაზს და ნავთობს ევროპაში. ნავთობის მილსადენს ჰქვია ჯეიჰანი, გაზის მილსადენს ჰქვია შაჰდენიზი. შაჰდენიზიდან ჩვენ ვიღებთ 5%-ს გაზის სახით. სავარაუდოდ, აზერბაიჯანიც მოითხოვს სატრანზიტო ტარიფზე გადასვლას, რაც ჩვენთვის იქნება ძალიან ცუდი“, - განაცხადა თარხან-მოურავმა.
ამასთან, „პატრიოტთა ალიანსში“ აღნიშნავენ, რომ უცნობია ისიც, თუ ვინ აწერს ქართული მხრიდან ხელს ხელშეკრულებას.
„წესით, საქართველოს მთავრობა შეუთანხმდა რუსეთს, თუმცა კონკრეტულად ვინ, გაუგებარია. ჩვენ მივიღეთ წერილი ენერგეტიკის სამინისტროდან, რომლიდანაც გაუგებარი ხდება, ვინ ვისთან დებს ამ ხელშეკრულებას. მე მივმართე ენერგეტიკის სამინისტროს და მოვითხოვე კონკრეტული ხელშეკრულების ასლი და პასუხი მივიღე შემდეგნაირი: ენერგეტიკის სამინისტრო გვაცნობებს, რომ აღნიშნული წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია არ შეუძლიათ დააკმაყოფილონ, კერძოდ, „გაზპრომ-ექსპორტთან“ დადებული ხელშეკრულების ასლი არ არის დაცული სამინისტროში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ გავიგეთ, რომ მეორე მხრიდან „გაზპრომ-ექსპორტი” დებს ხელშეკრულებას, ხოლო ქართული მხრიდან ვინ დებს - გაუგებარია. შესაძლოა, აქედანაც იყოს რაიმე შპს, რომელიც ამ უფლებამოსილებით აღჭურვეს“, - აღნიშნა პოლიტიკური ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა.