,,რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშები სამსახურში აღდგენას სამართლებრივი გზით შეეცდებიან.
როგორც საწარმოს პროფკავშირების წარმომადგენელმა გელა ბიჭიაშვილმა განაცხადა, მუშების გათავისუფლება შრომის კანონის დარღვევით მოხდა და ისინი სამართლიანობის აღდგენის მიზნით, აუცილებლად მიმართავენ სასამართლოს.
სამსხურიდან გათავისუფლებული მუშები დილიდან საწარმოს შესასვლელთან იყვნენ შეკრებილები და ქარხნის ახალი მეპატრონის ქმედებას აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეებმა ამ დროისათვის ,,რუსთავის აზოტის“ მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს. საწარმოსთან მისული იყო პარლამენტის ფრაქცია ,,ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი მამუკა ჩიქოვანი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ფრაქცია ,,ევროპული საქართველო“ მიმართავს მთავრობას და ეკონომიკის მინისტრისგან მოითხოვს კონკრეტულ პასუხს იმაზე, თუ რატომ მოხდა რამდენიმე ასეული თანამშრომლის ,,რუსთავის აზოტიდან“ გაშვება.
„ყველას გვახსოვს, რომ რამდენიმე თვის წინ, მთავრობამ დააანონსა მრავალმილიონიანი ინვესტიცია და შესაბამისად, ახალი სიცოცხლის გაჩენა „რუსთავის აზოტში“ და ეს მიულოცა ქარხნის თანამშრომლებს, რუსთავს, რუსთაველებს და სრულიად საქართველოს. ამის სრულიად საპირისპიროდ, ჩვენ მივიღეთ დღევანდელი რეალობა, ქარხანა გაჩერებულია და დღეს მისულ თანმშრომლებს განუცხადეს, რომ ისინი გათავისუფლებულები არიან სამსახურიდან. რამდენიმე ასეულმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, ჩვენი ინფორმაციით კი 800-მდე თანამშრომელი დაკარგავს სამუშაო ადგილს,“ - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.
დღეს დილით ,,რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები საწარმოს ტერიტორიაზე დაცვის სამსახურმა არ შეუშვა. როგორც მუშებს განუცხადეს, ახალმა მენეჯმენტმა და საწარმოს ახალმა მეპატრონემ, რომელმაც ქარხანა ერთი თვის წინ შეიძინა, მათთან შრომითი ხელშეკრულება აღარ გააფორმა და სამსახურიდან დაითხოვა. საწარმოს პროფკავშირების ინფორმაციით, დღეს ,,რუსთავის აზოტიდან“ 350 მუშა გაათავისუფლეს.