თელავის ხევისა და უსახელო ხევის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან. მათივე ინფორმაციით, ორივე ხევის რეაბილიტაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და საერთო ღირებულება 3 მილიონ ლარს აჭარბებს.
სამუშაოების პროცესის გასაცნობად თელავში იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გალაკტიონ ბუაძე და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი.
„თელავის 1.5 კმ-იანი ხევი გასუფთავებას და კედლებისა და ძირის გამაგრებას საჭიროებს. უსახელო ხევის ამჟამინდელი მდგომარეობა კი საფრთხეს უქმნის მოსახლეობას და მიმდებარე შენობებს. უსახელო ხევი გადავსებულია ნაგვითა და გრუნტით, რაც საცხოვრებელ სახლებში წყლის შევარდნის საშიშროებას ქმნის. ორივე ხევში გაიზრდება გამტარუნარიანობა, შედეგად, ქალაქ თელავსა და სოფელ კურდღელაურში სახლები აღარ დაიტბორება. ორივე ხევის რეაბილიტაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და მათი საერთო ღირებულება 3 მილიონ ლარს აჭარბებს. სამუშაოებზე 45 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოების დასრულება 2017 წლის ბოლოს იგეგმება“, - აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.