ლევან დავითაშვილი UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილს სკოტს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილს სკოტს შეხვდა. როგორც სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა ნილს სკოტს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ და აღნიშნა, რომ ის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს წარმოადგენს.

მინისტრის განცხადებით, სოფლის განვითარების სტრატეგიის ეფექტური განხორციელება, პროცესში ჩართული ყველა უწყების პრიორიტეტია.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა სტრატეგიის განხორციელებაში დონორი ორგანიზაციების ჩართულობასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფლის განვითარების სტრატეგია განსაზღვრავს ქვეყნის ხედვას 2017-2020 წლებისთვის სოფლად ეკონომიკის ზრდისა და დივერსიფიცირების, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების, ადგილობრივი ბიზნესის, სოციალური და საჯარო სერვისების განვითარების, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების და განვითარების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის საკითხებში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.