თუკი მიწებთან დაკავშირებით რეგულაციების მიმართულებით წავალთ, ეს თანაბრად უნდა გავრცელდეს როგორც უცხო ქვეყნის, ისე საქართველოს მოქალაქეებზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის წევრმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა.
„მთავარი აქ არის არა ის, რომ უცხოელისგან დავიცვათ ქართველი მცირე მიწის მესაკუთრე, არამედ ის, რომ დავიცვათ მსხვილი კაპიტალისგან და ეკონომიკური იძულებისგან, რასაც ეროვნება არ გააჩნია“, - აღნიშნა მენაბდემ.
მან აქვე დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო კონსენსუსი ჯერ არ შემდგარა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის დღევანდელ სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საკონსტიტუციო წინადადება იყო, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაეში დარეგისტრირების კონსტიტუციით აკრძალვას ითვალისწინებს.