აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკის პრეზიდენტს ენრიკე პენია ნიეტოს ურჩევს, ვაშინგტონში ვიზიტი გადადოს, თუკი მექსიკა შეერთებულ შტატებთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის ფულის გადახდას არ აპირებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„თუკი მექსიკას არ სურს გადაიხადოს უკიდურესად აუცილებელი კედლისთვის, უკეთესი იქნება გადადოს მოსალოდნელი ვიზიტი“, - წერს ტრამპი „თვითერის“ პირად გვერდზე და დასძენს, რომ აშშ-სა და მექსიკას შორის სავაჭრო დეფიციტი დაახლოებით 60 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ცნობილია, რომ მექსიკის ლიდერმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომელიც მექსიკისა და ამერიკის საზღვარზე კედლის მშენებლობას ითვალისწინებს და განაცხადა, რომ მექსიკა მისი მშენებლობისთვის გადახდას არ აპირებს. მისი თქმით, „ღრმად წუხს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო“ და დასძინა, რომ მექსიკას კედლების არ სჯერა.
მექსიკის პირველი პირის ამერიკაში ვიზიტი 31 იანვრისთვის არის დაგეგმილი. პენია ნიეტოს ვიზიტის გადადების შესახებ არაფერი უთქვამს.