გაზაფხულიდან შეიძლება, საგზაო წესებზე სანქციები გამკაცრდეს

გაზაფხულიდან, შესაძლოა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეგულაციები გამკაცრდეს. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ რეფორმის პაკეტის განხილვა საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე იგეგმება და როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მას მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღებენ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, ადმინისტრირება შესაძლოა ისეთ დარღვევებზე გამკაცრდეს, რომელიც ავარიების ხშირი მიზეზია. სპეციალისტების ნაწილი რეგულაციების გამკაცრებას მიესალმება, თუმცა აქვთ გარკვეული შენიშვნები. ამბობენ, რომ პროგრამა გარკვეულ ნაწილში ბუნდოვანია და დახვეწას საჭიროებს.

ცნობისთვის, რეგულაციების გამკაცრებაში საუბარია, მინიმუმ რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტზე. კერძოდ კი ადმინისტრირება შესაძლოა, გამკაცრდეს ისეთ დარღვევებზე, რომელიც ავარიების ხშირი მიზეზია (სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა).

ამასთან, სიახლეა ისიც, რომ მოხდება მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანა, რაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მართვის მოწმობას უფრო საიმედოს გახდის, ხოლო მძღოლების საწყის კვალიფიკაციას - უფრო მაღალს.

რაც შეეხება ქულათა სისტემის დანერგვას, ეს სისტემა ასევე მოიცავს რეგულაციებისა და ჯარიმების გამკაცრებას, რაც ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მიერ პირადად დაჯარიმებული პირი, თან ქულებსაც დაკარგავს და პირობითად 100-ქულიანი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მოუწევს მართვის მოწმობის შეჩერება, შეწყვეტა და გამოცდის თავიდან ჩაბარება. უმრავლესობის ლიდერი ფიქრობს, რომ ამ სისტემის დანერგვით ის მძღოლებიც კი, რომელთაც ჯარიმების გადახდა ადვილად შეუძლიათ, მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობენ.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, განიხილება უკონტაქტო პატრულირების დანერგვაც, რაც ევროპასა და ამერიკაში აპრობირებული მოდელია. ეს იქნება სამოქალაქო მანქანებით მოძრავი პატრული, რომელსაც მხოლოდ უკანა მხარეს სპეციალური ნიშანი ექნება.

"ეს სისტემა საგზაო უსაფრთხოებას და ჩვენს მოქალაქეებს დაიცავს მაშინაც კი, როცა დამრღვევ მძღოლს ჰგონია, რომ საპატრულო ეკიპაჟი ახლომახლო არ არის. შესაძლოა, მოხდეს სიჩქარის მოძრავი დეტექტორების გამოყენება. დღეს ასეთი დეტექტორები მხოლოდ სტაციონარულად, ბოძებზე არის დამაგრებული და დამრღვევი მძღოლები ხშირად სიჩქარეს ანელებენ ბოძთან გავლისას. მომავალში შესაძლოა, გადასატანი დეტექტორები იქნას გამოყენებული, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას იქნება განთავსებული", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

მისივე თქმით, უნდა მოხდეს ქალაქების და გზების დაფარვა ახალი, "ჭკვიანი" ვიდეოკამერებით, რომელთა მონტაჟიც უკვე დაწყებულია. ეს ვიდეოკამერები კი რეაგირებას მოახდენს დარღვევებზე და იქნება ჩართული ოპერატიული მართვის ერთიან ცენტრში.

"ამ სისტემას ექნება საგრძნობი პრევენციული ეფექტი", - აღნიშნა თალაკვაძემ და იქვე დაუმატა, რომ ამასთან ერთად, საგზაო მოძრაობის შესახებ საჭიროა მძღოლების, მგზავრებისა და ქვეითების ინფორმირება, ცნობადობის ამაღლება.

"საგზაო ნიშნების და უსაფრთხოების ძირითადი წესების დაცვა, ღვედის გამოყენება, საჭესთან მობილური ტელეფონით სარგებლობის აკრძალვა თუ გადასასვლელებზე გზის დათმობა, - ეს ელემენტარული წესები ხშირად, სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის ტოლფასია და ამის შესახებ რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია", - დასძინა თალაკვაძემ.

მისი აზრით, ეს იქნება კარგად დაგეგმილი და წარმატებული რეფორმა, რომელიც პარლამენტის, მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება და უკვე 1 წელიწადში მოგვცემს შედეგებს - გადაარჩენს ბევრი ადამიანის სიცოცხლეს, დაიცავს ბევრის ჯანმრთელობას და საქართველოში მოძრაობას უფრო უსაფრთხოს გახდის.

"ბუნებრივია, ქალაქის მერიის გეგმები საზოგადოებრივი ტრანსპორტის და პარკირების განვითარებაზე ამ ყველაფერს შეეხიდება და რეფორმის შედეგებს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სპეციალისტების ნაწილი რეგულაციების გამკაცრებას მიესალმება, თუმცა ამასთანავე აქვთ გარკვეული და კონკრეტული შენიშვნებიც, რაც მათი აზრით დასახვეწი და გამოსასწორებელია. მაგალითად, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ ქულათა სისტემის დანერგვა მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მისი თქმით, დღეს მოქმედი კანონით ყველას, ვისაც ფული აქვს, შეუძლია გზაზე აკეთოს ის, რაც მას სურს, უფრო ზუსტად კი, იხადოს ფული ჯარიმებში და განაგრძოს გზა, თუმცა ამ დროს არის კატეგორია, რომელიც ფინანსურად არც ისე შეძლებულია და ცდილობს კანონი უფრო დაიცვას.

"ქულათა სისტემითა და რეგულაციით, ის კატეგორია, რომელიც ე. წ. თავნება მძღოლად მოიაზრება, სხვებთან აბსოლუტურად თანაბარი გახდება, რადგან ქულა შეძლებულსაც თანაბრად დააკლდება და ფინანსურად არასტაბილურსაც, ეს ძალიან სწორია. თუმცა, პრობლემას ამ რეგულაციაშიც ვაწყდებით, რადგან სამომავლოდ გასარჩევი იქნება თუ რაზე რამდენი ქულა ჩამოაკლდებათ მძღოლებს", - ამბობს მესხიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.

რაც შეეხება უკონტაქტო პატრულირებას, პროგრამას იგი ამ ნაწილშიც უჭერს მხარს, თუმცა შენიშვნა ამ შემთხვევაშიც აქვს. ამბობს, რომ ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი, ვინ გააკეთებს ამას და როგორი ფორმით. ამდენად, მესხიშვილი ფიქრობს, რომ ეს რეგულაცია დასახვეწია.

"უკონტაქტო პატრულირება ნიშნავს იმას, რომ მძღოლი ვერ ჯარიმდება, რადგან მასთან პატრულს კონტაქტი არ აქვს. ანუ, მარტივად რომ ავხსნათ, საჭეს შეიძლება მართავდეს ადამიანი, რომელსაც მანქანა მეგობარმა ათხოვა, ასეთ შემთხვევაში რა ხდება?! არსებობს კიდევ ერთი კითხვა, რომელზეც პასუხს ვერავინ მცემს - ხომ შეიძლება ვინმე ვინმეს ჩუსაფრდეს, სდიოს და ჯარიმების დაგროვების შემთხვევაში მძღოლი დააშანტაჟოს?! თუ გადაღების საშუალება ყველას ექნება, ეს სავსებით შესაძლებელია. როგორ ხდება გადაღება, ეს ხდება ონლაინ რეჟიმში თუ ჩანაწერები ბაზაში გროვდება? - ეს ის კითხვებია, რომელსაც პასუხი სჭირდება", - მიიჩნევს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე.

სპეციალისტს ეს მოდელი ცოტათი აშინებს კიდეც, რადგან მიიჩნვს, რომ გადაღების უფლების ყველასთვის მინიჭება ქაოსურ ვითარებას შექმნის. ფიქრობს, რომ ეს უფლება ისევ შსს-ს მანქანებს უნდა ჰქონდეთ, რადგან ასე მიშვება დაუშვებელია.

"თუმცა, თავად იდეა - უკონტაქტო პატრულირება, მისაღებია, რადგან საპატრულო პოლიცია ვერ ახერხებს ერთდროულად ქურდებსაც სდიოს, ყაჩაღებსაც და უვიც მძღოლებსაც. ფაქტია, რომ ხარისხი იმდენად დავარდა, რომ წესიერად ვერც ერთს აკეთებს და ვერც მეორეს", - აღნიშნავს დავით მესხიშვილი.

კითხვაზე, თუ რამდენად მოერგება ეს პროგრამა ქართულ რეალობას, მესხიშვილი პასუხობს: "სამწუხაროდ, ქართულ რეალობას ყოველწლიურად 600-ზე მეტი გარდაცვლილი და 10 ათასზე მეტი ტრავმირებული ადამიანი მოერგო, რაც უკვე ნიშნავს, რომ აქ პროცესი უკონტროლო გახდა. ამდენად, თუკი საპატრულო პოლიციას ამ ვალდებულებისგან გავათავისუფლებთ, ეს ძალიან კარგი იქნება.

"ჩვენ ახლა უბედური შემთხვევები კი არ გვაქვს გზებზე, ესაა მკვლელთა ჯგუფი, რომლებიც სიჩქარის გადაჭარბებითა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ხოცავს ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს", - ამბობს იგი და დასძენს, რომ მიუხედავად რეგულაციების დადებითად შეფასებისა, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მისი აღსრულების მექანიზმებზეც იზრუნოს, ვინაიდან სხვა შემთხვევაში ეს მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდი იქნება.

მესხიშვილი "ჭკვიანი" კამერების იდეასაც დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ის მეტი კონტროლის მექანიზმია. "დღეს მოქალაქეებმა იციან, თუ სადაა რადარები დაყენებული, ამიტომ მიახლოებისას ანელებენ და შემდეგ მაღალი სიჩქარით აგრძელებენ გზას. ჭკვიანი რადარი, კამერიდან კამერამდე ინფორმაციას ამჟღავნებს, რაც ძალიან კარგია, რადგან სიჩქარის გადაჭარბება არის ის, რაც კლავს. კარგი იქნება თუ ამას მთელი ქვეყნის მასშტაბით გააკეთებენ", - გვითხრა მან და ყურადღება ქვეითთა უფლებებზეც გაამახვილა.

მესხიშვილის თქმით, ქვეითებთან მიმართებაში ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემებია. საამისოდ მაგალითებიც მოჰყავს და ამბობს, რომ ეს პრობლემა დროულად გადასაჭრელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"მაგალითად მძღოლი ისე უახლოვდება ზებრას, რომ დამუხრუჭებას ვერ ასწრებს, რადგან გზად არც გამაფრთხილებელი ნიშანი გხვდება და არც შუქნიშანი. რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ მძღოლებზე, რომლებიც ზებრაზე ქვეითებს გზას პრინციპულად არ უთმობენ, მათ შემთხვევაში ჯარიმები ძალიან მკაცრი უნდა იყოს. ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში ასეთი ჯარიმა 4 ათას ევროსაც კი უტოლდება.

"ასე რომ, ეს მიმართულება პრობლემად რჩება. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც მძღოლისთვის და ქვეითისთვის ერთდროულად მწვანეა. მაგალითად, ასეა მთელი ყაზბეგის გამზირი. ასეთი უაზრო და კონფლიქტური ადგილები უნდა აღმოიფხვრას", - ფიქრობს სპეციალისტი და აღნიშნავს, რომ ასევე მნიშვნელოვანია სოციალური კამპანია, რათა საზოგადოებამ ზუსტად გაიგოს რას ნიშნავს ახალი რეგულაციები და მხოლოდ ჭორებს არ უსმინოს.

სალომე სარიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"