პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე - პურის მსხვილ საწარმოებში შავი პურის მისაღებად არანაირი საღებავის გამოყენება არ ხდება

პურის მსხვილ საწარმოებში შავი პურის მისაღებად არანაირი საღებავის გამოყენება არ ხდება , - ამის შესახებ პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მალხაზ დოლიძემ აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხდება პურის შეღებვა, არ შეესაბამება სიმართლეს. პურის მრეწველთა კავშირში მსგავს კამპანიას არასწორ რეკლამას უკავშირებენ, რომელსაც რიგი პურის მწარმოებელი კომპანიები ახორციელებენ.

”ბოლო პერიოდში გააქტიურდა პურთან დაკავშირებული გავრცელებული ცრუ ინფორმაციები - თითქოს არ არის დაცული სტანდარტები, თითქოს პური იღებება.

პურის სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით რისკ ჯგუფს არ მიეკუთვნება. რადგანაც იგი მაღალ ტემპერატურაზე ცხვება. ჩვენი კოლეგების არასწორმა და ინტრიგნულმა რეკლამებმა - ”ჩვენ არ ვღებავთ” საკმაოდ დააზიანა და გამოიწვია პანიკა იმის შესახებ, რომ პური იღებება. არ ხდება პურის შეღებვა. არის ტექნოლოგიები, როდესაც სხვადასხვა დანამატების გამოყენება ხდება: მაგალითად, ფერმენტირებული ალაო - ეს არის ნატურალური პროდუქტი. სხვადასხვა საცხობი სხვადასხვა დოზით იყენებენ. არის ასევე საქართველოში გერმანული, ლიტვური და სხვა საცხობები, რომლებშიც გამოიყენება სხვადასხვა დანამატი, რომლებიც დაშვებულია,” - განაცხადა პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ.

პურში საღებავების გამოყენებას უარყოფენ თავად კომპანიების ტექნოლოგები.

”ზოგიერთი პროდუქტის რეცეპტში გათვალისწინებულია ინგრედიენტი, მაგალითად, ჭვავის ან ქერის ალაო. ალაო არის გაღვივებული მარცვალი და შემდეგ მოხალული. ამას იმიტომ ვიყენებთ, რომ მიიღოს სხვა გემოვნური თვისებები. ის განსაკუთრებული გემო და ფერი თანმდევი პროცესია,” - განაცხადა კომპანია ”იფქლის” ტექნოლოგმა გელა კოდალაშვილმა.