2017 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო კოდექსში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. ზოგი მათგანი უკვე ამოქმედდა, ზოგი კი წლის განმავლობაში ამოქმედდება.
აღნიშნული ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.
1) მიღებული მოგების რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება. ეს შეღავათი არ გავრცელდება ზოგიერთ ბიზნესსაქმიანობაზე. მაგალითად, ტოტალიზატორის მოწყობაზე, ხოლო საფინანსო სექტორი ამ პრივილეგიით მხოლოდ 2019 წლიდან ისარგებლებს.
2) გაიზარდა აქციზის გადასახადი თამბაქოს პროდუქციაზე. მაგალითად, ერთი კოლოფი ფილტრიანი სიგარეტის, ასევე, ერთი სიგარის აქციზი გაიზარდა 60 თეთრით, ერთი კოლოფი უფილტრო სიგარეტის აქციზი - 30 თეთრით
3) გაიზარდა აქციზის გადასახადი ნავთობპროდუქტებზე. მაგალითად, 1000 მ3 გათხევადებული ბუნებრივი აირის აქციზი 80 ლარის ნაცვლად 200 ლარი გახდა, ერთი ტონა ბენზინის აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა, ერთი ტონა დიზელის საწვავის - 150 ლარიდან 400 ლარამდე, ხოლო ერთი ტონა ძრავის ზეთი - 400 ლარიდან 800 ლარამდე გაიზარდა.
4) აქციზის გადასახადი გაიზარდა ასევე ბენზინისძრავიან მსუბუქ ავტომობილებზეც. რაც უფრო ძველია ავტომობილი, მით უფრო დიდია ზრდა. კერძოდ, მარჯვენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის სტანდარტული განაკვეთი გასამმაგდა; 6 წლამდე ასაკის ჰიბრიდულ მსუბუქ ავტომობილებზე სტანდარტული აქციზის განაკვეთი 60 %-ით შემცირდა. მაგალითად, თუ თქვენ ჩამოიყვანეთ 10 წლის 2000 სმ3-ის ბენზინისძრავიანი ავტომობილი და გსურთ მისი განბაჟება, აქციზის გადასახადის სახით ნაცვლად ადრინდელი 1 000 ლარისა, 2 200 ლარის გადახდა მოგიწევთ. იმ შემთხვევაში კი თუ ეს ავტომობილი ამავე დროს მარჯვენასაჭიანია, აქციზის გადასახადი გასამმაგდება და 6 600 ლარი გახდება.
5) თუ 2016 წელს თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე იქნება და ამავე დროს გექნებათ ავტომობილი, 2017 წლის 1 ნოემბრამდე მოგიწევთ მისი დეკლარირება და ავტომობილზე ქონების გადასახადის გადახდა მისი ღირებულების 0.05-დან 0.2 პროცენტის ოდენობით. თუ თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი აღემატება 100 000 ლარს, გადასახადი იქნება 0.8-დან 1 პროცენტამდე
6) გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი
7) გაცემული სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში
8) 1000 ლარზე მეტი იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედს. მაგალითად, თუ გასულ წელს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 14.6% იყო, იპოთეკური სესხის მაქსიმალური თვიური საპროცენტო განაკვეთი შეიძლება იყოს 3.04%
9) ფიზიკურ პირებზე უცხოურ ვალუტაში სესხი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა თუ მისი ოდენობა სესხის გაცემის მომენტისათვის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით 100 000 ლარს აღემატება.
10) სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო და/ან პირგასამტეხლო არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 2%-ს.
11) თუ მეწარმე, ნებისმიერი ფორმით იზიდავს ფულად სახსრებს 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან, მაშინ თოთოეული ფიზიკური პირისაგან მოზიდული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს 100 000 ლარზე ნაკლები. აღნიშნულის მოქმედება არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, საკრედიტო კავშირებზე, საბროკერო კომპანიებზე და ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებაზე.
12) საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას, გარდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა, ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით.