,,გაზპრომის’’ ხელშეკრულებაში ჩადებული პირობები ბუნდოვანია, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია ,,ევროპული საქართველოს’’ თავმჯდომარემ, სერგო რატიანმა განაცხადა.
,,ვერავინ არკვევს ვინ გააფორმა ,,გაზპრომთან’’ ხელშეკრულება და რა არის მასში ჩადებული. სწორედ ამიტომ უნდა შეიქმნას ნდობის ჯგუფი, რომელიც ნახავს, ვინ გააფორმა აღნიშნული ხელშეკრულება და გაირკვევა რამხელა ზიანი მიადგა ქვეყანას. ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა სერიოზულად დაზარალდა, მაგრამ რა მასშტაბით, არავინ იცის. საპარლამენტო ნდობის ჯგუფის შექმნის შემდეგ გვექნება საშუალება ვნახოთ, რა ხდება ამ მიმართულებით”, - განაცხადა სერგო რატიანმა.
დეპუტატი ”გაზპრომის” თემაზე გია ჟორჟოლიანის კომენტრასაც გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს, რომ საპარლამენტო უმცირესობას არ ენდობა და შესაბამისად, არც ნდობის ჯგუფის ჩამოყალიბებას უჭერს მხარს.
,,პარლამენტის წევრებს ნდობის მანდატს მოსახლეობა აძლევს და არა გია ჟორჟოლიანი, ან უმრავლესობის სხვა რომელიმე წევრი, შესაბამისად, პარლამენტის ვალდებულებაა ხელისუფლების ნებისმიერ მოქმედებას და გადაწყვეტილებას ზედამხედველობა გაუწიოს”, - განაცხადა სერგო რატიანმა.
სერგო რატიანის კომენტარს პარტია ”ევროპული საქართველო” ავრცელებს.