ჯანდაცვის ექსპერტი - მომზადდა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართვას საყოველთაო დაზღვევაში

სადაზღვევო ასოციაციების და ჯანდაცვის კომიტეტის მიერ ერთობლივად მომზადდა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართვას საყოველთაო დაზღვევაში , - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას ჟურნალისტებს ჯანდაცვის ექსპერტმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.

ექსპერტის განმარტებით, კომიტეტისა და სადაზღვევო ასოციაციების მიერ ერთობლივად მომზადებული იდეა შეეხება სახელმწიფო და კერძო სისტემებს შორის თანამშრომლობას და თუ როგორ შეიძლება კერძო სადაზღვევო კომპანიები ჩაერთოს ან ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან. მისივე თქმით, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც მომდევნო თვეებში კონკრეტულ იდეებს დაამუშავებს.

”აღნიშნული ინიციატივა მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს ხარისხის გაუმჯობესება, უფრო ეფექტური გახდეს პროგრამა მთლიანად და გამოთავისუფლებული ხარჯებით მოხდეს სხვა კომპონენტების დაფინანსება”, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე განმარტებით, ეს ყველაფერი მხოლოდ იდეის დონეზეა. დღეს სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრაა და დანარჩენი დეტალები მომავალში გადაწყდება.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები საქართველოს სადაზღვევო კომპანიის ასოციაციის, კერძო სადაზღვევო კომპანიებისა და სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენლებს ხვდებიან. სხდომაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სრულყოფისა და კერძო სადაზღვევო სექტორთან პარტნიორობის თაობაზე მსჯელობენ. სხდომას ჯადაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძეც ესწრება.