7 წლის კალიფორნიელ ბიჭუნას რაიან ჰიკმანს ერთი შეხედვით, საკმაოდ უჩვეულო ჰობი აქვს - ჯერ კიდევ ნორჩ ასაკში იგი საფუძვლიანად დაინტერესდა ნარჩენების გადამუშავებით. თავდაპირველად ყველაფერი დახარისხების სიყვარულით დაიწყო, ახლა კი რაიანი პატარა, მაგრამ ამაყ კომპანიას Ryan’s Recycling Company-ს ხემძღვანელობს.
ნარჩენების გადამუშავების პროცესს რაიანი 3 წლის ასაკში გაეცნო, როდესაც მამასთან ერთად ნარჩენების გადამამუშავებელ ცენტრს ეწვია ნაგვის ჩასაბარებლად. ”ყველაფრის დახარისხება უყვარს და ძალიან მოეწონა ბოთლების ჩაბარება მისაღებ პუნქტში, - ჰყვება ბიჭუნას მამა დემიონი - მაშინ 2 დოლარი მიიღო და ამით აღფრთოვანებული დარჩა. მას შემდეგ წვრილმანების დახარისხება დაიწყო და ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა”.
როდესაც შინ დაბრუნდნენ, რაიანმა მეზობლებთან ნაგვის შეგროვების, დასუფთავების, დახარისხებისა და ჩაბარების დაწყების სურვილი გამოთქვა. დედასთან ერთად მეზობლებს სპეციალური ნაგვის პარკები დაურიგა თავისი დიადი მიზნების განსახორციელებლად.
4 წლის შემდეგ ნორჩი მეწარმის ამბიციურმა პროექტმა დიდი წარმატება ჰპოვა - მისი კომპანია 5 რაიონს მოიცავს და 40 კლიენტს ემსახურება.
ბიჭუნა მშობლებთან ერთად კვირაში რამდენჯერმე აბარებს ნარჩენების გადამამუშავებელ ცენტრში გადაყრილ პლასტმასს, ქაღალდსა და მინას.
საქმის დაწყებიდან დღემდე რაიანმა უკვე 22 ტონა ნაგავი და 200 000 კონსერვის ქილა და ბოთლი ჩააბარა, ასევე, ქველმოქმედებას 1600 დოლარი შესწირა. დანარჩენი გამომუშავებული თანხა - 10 000 დოლარი - კოლეჯში სასწავლებლად აქვს გადადებული.
ამ შთამბეჭდავ მიღწევებთან ერთად, რაიანი წყნარი ოკეანის ზღვის ძუძუმწოვრების გადარჩენის ცენტრის ელჩად დანიშნეს (Pacific Marine Mammal Center). ბიჭუნამ საქველმოქმედო მაისურების საკუთარი ხაზიც კი შექმნა.
რა თქმა უნდა, უამრავი ალტრუისტული ინტერესების მქონე რაიანი, თავის მთავარ სიყვარულს - რესაიკლინგს არ ივიწყებს. ”დიდი ენთუზიაზმით უდგება ამ საქმეს და ჩვენც გადმოგვდო. უკვე გვერდს ვეღარ ვუვლით ძირს დაგდებულ ქილებსა და ბოთლებს”, - ამბობს ბიჭუნას დედა.
დუდანა ზაქარაია