ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განმარტებით, 1-ელი თებერვლიდან ის თანხები, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო სადავოდ ჩათვლის კლინიკებთან მიმართებაში, შეჩერდება და როცა საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მერე მოხდება ამ თანხების ანაზღაურება. ამის შესახებ მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ დავით სერგეენკოს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ კლინიკების ნაწილი შესაძლოა, არამიზნობრივი ხარჯვის გამო დაჯარიმდეს.
”სოციალური მომსახურების სააგენტოში მუდმივად ხდება კლინიკების მიერ წარმოდგენილი სამუშაოების მონიტორინგი, კორექტირება და შემოწმება. ეს არის სამი ეტაპი და თითქმის ყველა კლინიკას ეხება მის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების კორექტირება. სიახლე არის ადმინისტრირების მიმართულებით. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიეცემა უფლება, რომ 1-ელი თებერვლიდან ის თანხები, რომელსაც ის თვლის სადავოდ კლინიკებთან მიმართებაში, შეჩერებულ იქნას და როცა საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მერე მოხდეს ამ თანხების ანაზღაურება და არა ისე, რომ ჯერ მოხდეს თანხების ანაზღაურება და შემდეგ იყოს დავები ამ თანხებთან მიმართებაში”, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
მისივე განმარტებით, კორექტირება და სამუშაოების ინსპექტირება გასულ პერიოდსაც შეეხება, თუმცა ახალი წესით ადმინისტრირება პირველი თებერვლიდან დაიწყება.