თბილისში დამატებით 4 000 საპარკინგე ადგილი შეიქმნება

"იანვრის ბოლოს მივიღებთ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, მრავალსართულიანი პარკინგების ასაშენებელი ლოკაციები საბოლოოდ განისაზღვრება" , - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ.

მისი თქმით, მრავალსართულიანი პარკინგები ჯამში 4 000 საპარკინგე ადგილს შექმნის. პროექტის შესახებ დოკუმენტის მიღების შემდეგ, მშენებლობის მიმართ ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება, - "მშენებლობის პროცესის დასრულების შემდეგ ამ მრავალსართულიანი პარკინგებით სარგებლობა უკვე შესაძლებელი იქნება. მიმდინარე წელს ამ ინტერესთა გამოხატვას გამოვაცხადებთ და კერძო კომპანიებს მოვიწვევთ," - განმარტა თბილისის მერის მოადგილემ.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, მრავალსართულიანი პარკინგების ასაგებად, დაახლოებით 10-მდე ლოკაციაა განსაზღვრული, რომელთა რაოდენობაც, შესაძლოა, შეიცვალოს, - "კონკრეტულ ლოკაციებს საბოლოო დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ გავაჟღერებთ და პარკინგების რაოდენობა საჭიროებიდან გამომდინარე განისაზღვრება. პარკინგების სართულების რაოდენობა კი ტექნიკური და გეოლოგიური პარამეტრებიდან გამომდინარე განისაზღვრება," - განმარტა მან.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, მრავალსართულიან პარკინგებზე მუშაობა, მიმდინარე წელს იგეგმება

მარიამ მენაბდიშვილი

წყარო ALLNEWS.GE