საქართველო საბაჟო კონტრაბანდას ეფექტურად და კონტროლის გამკაცრებით აღკვეთს

საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, 27 იანვარს საბაჟო გამშვებ-პუნქტში "სადახლო-საავტომობილო" არადეკლარირებული საქონელი - 7200 ღერი სიგარეტი (360 კოლოფი) გამოვლინდა.

ტვირთი შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სომხეთიდან შემომავალი, სომხეთის მოქალაქის ა.ს-ს კუნთვნილ მანქანაში, სპეციალური დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მებაჟე-ოფიცრის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის სიგარეტი, ა.ს-მ უარი განაცხადა.

სსკ 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით, სამართალდამრღვევი მოქალაქე დაჯარიმდა და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

ამასთან, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ა.ს-ს ჩამოერთვა როგორც საქონელი, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალება. შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155 2 მუხლის შესაბამისად და გაიგზავნა მარნეულის რაიონულ სასამართლოში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი კონტრაბანდის წინააღმდეგ უმკაცრეს ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს. ამისათვის, საქართველოს საბაჟო-გამშვები პუნქტები აღჭურვილია რენტგენოსკანერებითა და ყველა აუცილებელი სპეცტექნიკით.