1939 წელს გამოშვებული Mercedes-Benz 540 K Special Roadster არიზონაში გამართულ RM Sotheby’s-ის აუქციონზე 6.6 მილიონ დოლარად გაიყიდა. ასეთი ფასი იმ გარემოებამ განაპირობა, რომ ეს ავტომობილი ერთადერთ ეგზემპლარად არის დამზადებული. გერმანელმა კომერსანტმა როლფ ჰორნმა ეს ავტომობილი თავის დროზე, ატელიე „ზინდელფინგენს“ შეუკვეთა. დონორ ავტომობილად „მერსედეს-ბენც 540K“ აიღეს, რომელიც, თავის დროზე, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილი იყო. თუმცა მას დიზაინი შეუცვალეს.
რაც შეეხება აღჭურვილობას, ის უცვლელი დარჩა. ავტომობილი აღჭურვილია ერთრიგა რვაცილინდრიანი 5.4-ლიტრიანი ძრავით, რომელიც მექანიკური კომპრესორის დახმარებით, 180 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავასთან შეწყვილებულია 5-საფეხურიანი (მსოფლიოში პირველი) მექანიკური გადაცემათა კოლოფი. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 170 კმ/სთ-ია.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ჰორნს ეს ავტომობილი კონფისკაციით ჩამოართვეს. არადა, ის არც ნაცისტური პარტიის წევრი იყო და არც სამხედრო პირი. ავტომობილი საბჭოთა დიპლომატების სამსახურში ჩადგა. შემდეგ ის მოსკოვში გააგზავნეს, სადაც კოლექციონერ არტურ ლეშტინს შეუძენია. მან შენაძენი გაარემონტა და მალე ყირიმში იმოგზაურა.
ლეშტინმა თავისი უნიკალური ავტომობილი 1967 წელს შვედ დიპლომატ ალფ იოჰანსონს მიჰყიდა, რომელმაც შვედეთში სწორედ ახალშენაძენით გასწია. ათი წლის შემდეგ „მერსედესმა“ თავი შეერთებულ შტატებში ამოყო, სადაც დღემდე რჩება. რამდენიმე წლის წინათ ის საფუძვლიანად გაარემონტეს.
წყარო autobild.ge