მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ გადაწყვეტილება მიიღო ერთი მილიარდი პესო (დაახლოებით 47,5 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოს აშშ-ში მექსიკელი მიგრანტების დაცვის ღონისძიებებისთვის. აღნიშნულის შესახებ მექსიკის სენატის თავმჯდომარემ პაბლო ესკუდერომ განაცხადა.
„პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრს განკარგულება მისცა, საკონსულო დახმარებაზე ერთი მილიარდი პესოს გამოყოფის თაობაზე, რათა დავიცვათ ჩვენი მიგრანტები. ასევე, მან თქვა, რომ თუ უფრო მეტი სახსრები იქნება საჭირო, ის მათ გამოყოფს, - განაცხადა პაბლო ესკუდერომ.
მექსიკის სენატის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტარები მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობას აპირებენ.
„პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ დეპუტატთა პალატაში და სენატში შეიქმნას ჯგუფები, რომლებიც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად იმოქმედებენ სახელმწიფო პოლიტიკისა და კონკრეტული ზომების შესამუშავებლად, რათა განვსაზღვროთ თუ რა მიმართულებით წავიდეთ“, - აღნიშნა ესკუდერომ.