წალკაში უამინდობამ წუხელ გარკვეული პრობლემები შექმნა. ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეფერხებულია წალკა-ნინოწმინდის მონაკვეთზე , ქარბუქმა და თოვლმა წუხელ პრობლემები შექმნა სოფელ თეჯიშის დამაკავშირებელ გზაზე.
როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია საბაძემ განაცხადა, ჩაკეტილი გზების გაწმენდა დილიდან დაიწყო, გუშინ კი ქარის გამო სამუშაოები დროებით შეფერხებული იყო.
,,წალკში ახლაც ინტენსიურად თოვს. წალკა-ნინოწმინდის გზის მონაკვეთი დაკეტილია, ნარდევანი-ნინოწმინდის გზაზე კი ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, რაც შეეხება შიდა გზებს, წუხელ დაკეტილი იყო სოფელ თეჯიში. თეჯიშში გზების გაწმენდა დილიდან დავიწყეთ და მარილის დაყრა მიმდინარეობს. გუშინ ქარი იყო, გზები ქარბუქის გამო ვერ გავწმინდეთ და სამუშაოები დილიდან განვაახლეთ. წალკაში თოვლის საფარი 15 სანტიმეტრია, ტემპერატურა კი -7 გრადუსია“, - განაცხადა ილია საბაძემ.