სადამდე გაძვირდება საწვავი?

ზოგიერთ ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის გაძვირება 2017 წლის 1 იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირდება. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა უთხრა.

მისივე თქმით, ზოგიერთმა ოპერატორმა კომპანიამ ფასების კორექტირება იანვრის დასაწყისში ლარის გაცვლითი კურსიდან გამომდინარეც მოახდინა.

„ზოგადად, ბოლო პერიოდში საწვავზე ფასის მატება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდებოდა. ერთ-ერთი იყო საერთაშორისო ფასი, ასევე ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვნი ფაქტორი, რომელიც უკვე მიმდინარე წლიდან იწყებს საწვავის ფასზე მოქმედებას - აქციზის გადასახადის გაზრდაა.

„რიგ კომპანიებს გარკვეული ნაშთები ჰქონდათ. შესაბამისად, ახალი წლის დღეებში ამ ცვლილების საწვავის ფასზე ასახვა მყისიერად არ მოხდა. თუმცა, მიმდინარე წლიდან სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა კომპანიებს აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით ფასების კორექტირება უწევთ,“- აღნიშნა მთვრალაშვილმა.

მისივე თქმით, მომატებული აქციზის გადასახადის ტარიფის საცალო ქსელში ასახვა საშუალოდ 20-25 თეთრის ფარგლებში უნდა მოხდეს. ხოლო ის თუ რომელი ოპერატორი კომპანია როდის ან რა დოზით მოუმატებს ფასებს - უშუალოდ კომპანიების გადასაწყვეტია.

მთვრალაშვილს უჭირს იმის თქმა, კიდევ მოიმატებს თუ არა საწვავის ფასი და აღნიშნავს, რომ „ვერ დაგიზუსტებთ, რომ აქციზის გადასახადიდან გამომდინარე ფასის მატება ამით მთავრდება. ვერ გეტყვით როგორ იქნება“.

ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, ზოგიერთ ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავი კიდევ 10 თეთრით გაძვირდა. საწვავის ფასმა 2017 წლის დასაწყისშიც მოიმატა. ჯამში კი 15 ოქტომბრის შემდეგ საწვავი 29-53 თეთრის ფარგლებში გაძვირდა.

იხილეთ ასევე : საწვავი კიდევ 10 თეთრით გაძვირდა