საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურაზე „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მანანა კობახიძე წარადგინა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს წინა, მე-8 მოწვევის პარლამენტის ვიცე სპიკერი და მოქმედი პარლამენტის წევრი მანანა კობახიძე.
2017 წლის 18 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, პარლამენტის წევრობისას მისმა შემოსავალმა 74 939,28 ლარი შეადგინა.
კობახიძე ფლობს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე 95,56 კვადრატული მეტრი ფართობისა და ბერბუკის ქუჩაზე 180 კვადრატული მეტრი ფართობის ბინებს. ეს უკანასკნელი 2012 წელს 130 000 ლარად შეიძინა. ხოლო აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ბინა 25 000 დოლარად 1994 წელს აქვს შეძენილი.
დეკლარაციის შევსების მომენტში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს „ქართუ ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 135 დოლარი ჰქონდა. ასევე 2016 წლის განმავლობაში „თი-ბი-სი ბანკში“ 13 000 ლარის ოდენობის კრედიტი აქვს აღებული, რომლის გასავალმაც 801 ლარი შეადგინა.
კობახიძეს ჰყავს მეუღლე ზაზა გოგიჩაიშვილი და შვილები - ნინო და მაკა ორაგველიძეები. მაკა ორაგველიძემ 2016 წელს 10 000 დოლარად 1 000 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა ტაბახმელაში და 10 000 დოლარად მიწის ნაკვეთი შეიძინა. მასვე დეკლარაციის შევსების პერიოდში „თი-ბი-სი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 100 ლარი ერიცხებოდა.
დეპუტატის მეუღლე ზაზა გოგიჩაიშვილს, რომელიც შპს "გაჟატელ საქართველოს“ 34%-ს ფლობს, მსუბუქი ავტომანქანა კია სპორტიჯი ეკუთვნის, რომელიც 2016 წელს 13 ათას დოლარად შეიძინა. დეკლარაციის შევსების მომენტში გოგიჩაიშვილს "თი-ბი-სი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 1 500 ლარი ერიცხებოდა. მის სახელზე ფიქსირდება ასევე 2016 წელს „თი-ბი-სი“ ბანკში აღებული კრედიტი 10 000 დოლარი, რომლის გასავალიც ქონებრივი დეკლარაციის შევსების პერიოდში 880 დოლარი იყო. გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ზაზა გოგიჩაიშვილმა 4 000 დოლარად გაყიდა ავტომანქანა.
დეპუტატის კიდევ ერთი შვილი ნინო ორაგველიძე კი, რომელიც შ.პ.ს.“ დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სასამართლოს“ 25%-იანი წილის მფლობელია, დეკლარაციის შევსების მომენტში არანაირ ქონებასა და ფულად თანხას არ ფლობდა.