საქართველოში პირველად მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი იმართება. ჰაკათონი დღეს ტექნოპარკში გაიხსნა. ტექნოპარკში შეკრებილ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გუნდებად გაერთიანდნენ და ორი დღის განმავლობაში მათთვის საინტერესო მონაცემების ვიზუალიზაციაზე იმუშაონ.
ჰაკათონის მხარდამჭერები არიან: Jumpstart Georgia, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა FLEX-ი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და ”თიბისი ბანკი”.
ჰაკათონში მონაწილეობას იღებენ დიზაინერები, პროგრამისტები, კომუნიკაციის სპეციალისტები, მკვლევარები და სტატისტიკოსები, რომლებიც დაინტერესებული არიან მონაცემთა ვიზუალიზაციით. ისინი 3-6 კაციან გუნდებად გაერთიანდებიან და ორი დღის განმავლობაში ორაგნიზატორების მიერ შეთავაზებულ, მათთვის საინტერესო მონაცემეზე იმუშავებენ. სასურველი თემის არჩევა გუნდების ინტერესების შესაბამისად მოხდება. ჰაკათონის მონაწილეებს მენტორობას გაუწევენ პროფესიონალები მონაცემების ანალიზის, კომუნიკაციისა და ვიზუალიზაციის სფეროდან.
როგორც ჰაკათონის ორგანიზატორმა მარიამ გამხარაშვილმა აღნიშნა, ღონისძიება ხვალ დაიხურება.
”დღეს ტექნოპარაკში მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი გაიმართება, რომლის მიზანია მონაცემებით დაინტერესებულ ადამიანებს მივაწოდოთ მეტი რესურსი და გამოცდილება თუ როგორ შეიძლება შექმნან მონაცემებზე დაფუძნებული საინტერესო ამბები”, - განაცხადა მარიამ გამხარაშვილმა.
მისივე თქმით, მონაწილეები სხვადასხვა სპეციალობის წარმომადგენლები არიან.
”თიბისი ბანკის” უზრუნველყოფის, მართვის და შეფასების განყოფილების უფროსის ვლადიმერ მაღნარაძის თქმით, კონკურსის მონაწილეები ეცდებიან სხვადასხვა ამოცანაზე მოიფიქრონ სწორი გადაწყვეტა, როგორც ვიზუალის, ასევე ტექნოლოგიის თვალსაზრისით.
”თიბისი ბანკი” ფლობს უამრავ მონაცემთა ბაზას, რომელიც ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის და საკმაოდ მნიშვნელოვანია მიწოდებული ინფორმაცია იყოს მარტივად აღქმადი, შესაბამისად, ამ მიმართულებით კონკურსანტები საკუთარ ძალებს გამოცდიან”, - განაცხადა ვლადიმერ მაღნარაძემ.
გამარჯვებულ გუნდებს სპეციალურად ჰაკათონისთვის დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს და მათ სხვადასხვა სახის პრიზი გადაეცემათ. გარდა ამისა, გამარჯვებულებს ჰაკათონის ორგანიზატორ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა ექნებათ.
პროექტში მონაწილების სურვილი 250-მდე ადამიანმა გამოთქვა, საბოლოოდ 100 მონაწილე მათი აპლიკაციების საფუძველზე შეირჩა. პროექტის ფარგლებში, ასევე შედგა რამდენიმე მოსამზადებელი შეხვედრაც. ჰაკათონის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: https://vizhack.ge/ka/