„ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტი“ სახელმწიფო შესყიდვების კანონში შემოთავაზებულ ცვლილებებს ეხმიანება. IDFI-ის შეფასებით, ცვლილებების უმეტესობა დადებითი და სასარგებლოა, თუმცა, კანონპროექტი მაინც შეიცავს რისკებს. კერძოდ, გასაჩივრების წესში დაგეგმილი ცვლილებები შეიძლება საბოლოოდ უარყოფითად აისახოს დარღვევების აღმოჩენისა და გასაჩივრების პროცესზე. არასამთავრობო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები ქმნის დამატებით ბარიერებს გასაჩივრებისთვის, რასაც შეიძლება მოჰყვეს საჩივრების რაოდენობის შემცირება სამართლიანი საჩივრების შემცირების ხარჯზე.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შეფასება
2017 წლის 16 იანვარს საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა შესყიდვების შესახებ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მოამზადა.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებებს ორი ძირითადი მიზანი აქვს: 1. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; და 2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში დავების განხილვის წესის გაუმჯობესება/დახვეწა. კანონპროექტში შემავალი ცვლილებების უმეტესობა დადებითია, თუმცა არის რისკის შემცველი შემოთავაზებებიც.
რა იცვლება კანონში?
კანონპროექტი გულისხმობს ორ ძირითად ცვლილებას:
1. გაუქმდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის პროცედურა და დარჩება მხოლოდ ელექტრონული ტენდერი, რომლის ვადები გაიზრდება და დამოკიდებული იქნება შესყიდვის ღირებულებაზე (ფასზე);
2. შეიცვლება დავების საბჭოში გასაჩივრების პროცედურა - დავების განხილვის პროცესში დამკვიდრდება „დაინტერესებული მხარის“ ცნება. ასევე, დგინდება საჩივრის წარდგენის საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარისა.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით: 1. ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, შესყიდვების შესახებ კანონში შევა თანასწორი მოპყრობისა და პროპორციულობის პრინციპი; 2. შემსყიდველს მოეთხოვება შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და შესრულების სპეციფიკაციების დაკონკრეტება; და 3. სატენდერო პირობების ცვლილების შემთხვევაში ხელახლა დაიწყება სატენდერო განცხადების გაცნობის ვადის ათვლა.
ასოცირების შესახებ შეთანხმება და საქართველოს ვალდებულებები
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისს. მისი შესრულებით (141-149 მუხლები და დანართი XVI), სხვა მრავალ ცვლილებასთან ერთად, მოხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის შესყიდვების კანონმდებლობასთან.
შეთანხმების შესრულების პროცესი დაყოფილია 8 წელიწადზე გაწერილ 5 ფაზად. კანონპროექტით გათვალისწინებული ყველა ცვლილება, გარდა დავების საბჭოში გასაჩივრების პროცედურების შესახებ ცვლილებებისა, მიჰყვება პირველი ფაზით (პირველი 3 წელი) გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
პირველ ფაზაში ასევე შედის ორი ცვლილება, რომელიც ამ კანონპროექტში არ მოხვდა:
- დაინერგება პროცედურა ე.წ. „პრეკვალიფიკაციით“, რაც გულისხმობს, რომ შემსყიდველს ექნება შესაძლებლობა წინადადების წარსადგენად მოიწვიოს პრეტენდენტების შეზღუდული რაოდენობა;
- დაინერგება ფასი-ხარისხის თანაფარდობის საფუძველზე ეკონომიკურად ყველაზე ხელსაყრელი შემოთავაზების არჩევის წესი. გააგრძელეთ კითხვა