საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან
, სტუმრები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ მიიღეს.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს, მათ შორის წყალმომარაგებისა და გზების მშენებლობის პერსპექტივებზე. ყურადღება დაეთმო ურბანული განვითარების საკითხებსაც.
ზურაბ ალავიძის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი მსხვილი დონორია და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოება იგეგმება.
„ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორობა გვაკავშირებს საქართველოს მთავრობასთან, განსაკუთრებით კი აღსანიშნავია თანამშრომლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რაც გამოიხატება საქართველოს მოსახლეობისათვის უკეთესი პირობების შექმნაში, წყლით მომარაგებასა და გზების გაუმჯობესებაში. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ არა მხოლოდ მიმდინარე ფართომასშტაბიანი პროექტების დასრულებაზე - რაც ითვალისწინებს 1 მილიარდ დოლარამდე დაფინანსებას, არამედ ვსაუბრობთ სამომავლო პროექტებზე და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა იეშიმ ელჰან კაიალარმა.