”ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეების ნაწილის ვარაუდით, სავაჭრო ცენტრში ხანძარი სპეციალურად გააჩინეს. როგორც ისინი აცხადებენ, ცეცხლი რომ სპეციალურად არ გაეჩინათ, ის ყველგან ერთდროულად არ მოეკიდებოდა.
”სპეციალურად გააჩინეს, ერთდროულად როგორ უნდა მოკიდებოდა ცეცხლი ყველაფერს? - გაუბედურებულია ხალხი”, - აცხადებენ მოვაჭრეები.
მათივე ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენება უნდოდათ.
”მიზეზებზე არავინ საუბრობს. ვინ იტყვის რამეს? ვინ რას აგვინაზღაურებს? ვინ რას ჩამოგვაწერს? გათბობა ჩვენ არ გვქონდა და არაფერი, ვიყინებოდით იქ. დენი მაშინვე ითიშებოდა. როგორც კი ვამთავრებდით მუშაობას. ჯერ შუქები ქრებოდა და მერე გავდიოდით შენობიდან. იყო საუბარი. რომ აქ აშენება უნდოდათ რაღაცის. გაიჟღერა რომ "კარფურის" მსგავსი ცენტრი უნდა აშენებულიყო. კი ბატონო, აშენებულიყო, მაგრამ ჩვენ რას გვერჩოდნენ?", - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.
მოვაჭრეების განცხადებით, თითოეულ დაზარალებულს ათასობით ლარი აქვს ვალი.
"თითო ადამიანის უკან 10 და 15 კაცი დგას. ულუკმაპუროდ დავრჩით, ათი ათასობით ლარი გვაქვს ვალი. ეს ყველაფერი მოწყობილია! ჩამრთველით ითიშებოდა სინათლე 19.00 საათზე და როგორ გაჩნდა ხანძარი ღამის 2 საათზე? ამბობენ, რომ აუქციონზე იყო ტერიტორია გატანილი და გაიყიდა. ეთქვათ და დავტოვებდით ტერიტორიას, საქონელს მაინც გადავარჩენდით", - აღნიშნავს კიდევ ერთი მოვაჭრე.