ყველა მინისტრი, უწყების ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა იყოს და ძალიან გეგმაზომიერად, გააზრებულად მიიღოს ოპტიმიზაციის გადაწყვეტილებები , - ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პირველმა ვიცე- პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობაში ოპტიმიზაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ მიიღო და თავის 4-წლიანი განვითარების გეგმაში გაითვალისწინა, არის მთავრობის მიმდინარე ხარჯების შემცირება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, თუ დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 26%-ია, დროთა განმავლობაში 21%-მდე უნდა შემცირდეს.
„ეს ჯამურად ნიშნავს იმას, რომ 4 წლის განმავლობაში 5 მილიარდი ლარი არ დაიხარჯება მთავრობის მიმდინარე ხარჯებზე და შესაბამისად, კაპიტალურ ხარჯებს მოხმარდება. ეს ჩვენს ეკონომიკას კიდევ უფრო გაზრდის და შესაბამისად, უფრო მეტ სტიმულს მისცემს კერძო სექტორს განვითარებისთვის. მეორე - ჩვენ საკანონმდებლო დონეზე განვსაზღვრეთ, რომ სახელმწიფო ორგანიზაციებმა ფაქტობრივი დანახარჯები 10%-ით უნდა შეამცირონ. ეს ეხება როგორც მიმდინარე ხარჯებს, ასევე ხელფასს, დანამატსა და პრემიას. რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურაზე ამას ვერ განვავრცობდით, მაგალითად, ძალოვან უწყებებზე - პოლიციელს, რომელიც ემსახურება ქვეყანას და მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება, ხელფასის შემცირება, ალბათ, არ უნდა შეეხოს. ხარჯები რომ შემცირდება, ეს ბიუჯეტით არის გათვალისწინებული და საკანონმდებლო დონეზეა განსაზღვრული. ეს ყველაფერი არის იმის გარანტია, რომ თანხები ნამდვილად დაიზოგება. რაც შეეხება იმას, რომ ვისაც არა ჰყავს "პატრონი", დაიჩაგრება და ვისაც ჰყავს, დარჩება სამსახურში, ამაზე პრემიერმაც განაცხადა და მეც ვთქვი, რომ ამ საკითხისადმი ძალიან მკაცრი დამოკიდებულება იქნება მთავრობაში. პროფესიონალები სამსახურში უნდა დარჩნენ და ამას მკაცრად გავაკონტროლებთ. ყველა მინისტრი, უწყების ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა იყოს და ძალიან გეგმაზომიერად, გააზრებულად მიიღოს ოპტიმიზაციის გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, იქნებიან მენეჯერები, რომლებიც შეამცირებენ კადრებს და ხელფასს გადაანაწილებენ სხვებზე, მაგრამ ასევე იქნებიან მენეჯერები, რომლებიც კადრებს არ შეამცირებენ, მაგრამ შეამცირებენ სახელფასო ფონდს.
„ოპტიმიზაციის რა ფორმას აირჩევენ, მათი გადასაწყვეტი იქნება. ჩვენ გვექნება და გვაქვს კონტროლის მექანიზმები“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
ისივე თქმით, დღეს არც ერთი მენეჯერი არ საუბრობს მასობრივ დათხოვნაზე, „ლაპარაკია იმაზე, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს მთავრობა, ანუ იმდენი მოხელე უნდა ჰყავდეს, რამდენიც სჭირდება“.
„თუმცა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ როცა ოპტიმიზაციაზეა ლაპარაკი, მისი განხორციელება მიმდინარეობს არა მხოლოდ ცენტრალურ, არამედ ადგილობრივ ხელისუფლებაშიც“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.