თბილისის მერია გარემოვაჭრეებისთვის ახალ რეგულაციებზე მუშაობს

გარევაჭრობა ქართული საზოგადოებისათვის "ახალი ხილი" არ არის. არც ისაა ახალი, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღნიშნული საქმიანობის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი და მათ მიმართ პროტესტის გრძნობა აქვთ.

საქართველოს ადმინისტრაციული სამართლის კოდექსის 153-ე მუხლის თანახმად, ნებართვის გარეშე ვაჭრობა ისჯება ჯარიმით. თუმცა, არსებული მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, ხელისუფლება ერიდება ხისტი ნაბიჯების გადადგმას, გარემოვაჭრეების დაჯარიმებას და მათი საქმიანობის შეზღუდვას.

მსგავსი დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან გარევაჭრობისადმი სხვა მოვაჭრეების მხრიდან პროტესტის საგანი ბევრჯერ გამხდარა, რადგან ისინი კანონის თანახმად, იხდიან გადასახადებს საქმიანობისათვის და გარემოვაჭრეების არსებობით მათ ეკარგებათ სამართლიანობის განცდა, ასევე, უმცირდებათ გაყიდვები. ცალკე გამოსაყოფი ფაქტია გარევაჭრობაზე არსებული ჰიგიენური მდგომარეობა და მათ მიერ გაყიდული პროდუქტის ვარგისიანობის შემოწმება არ ხდება.

გასულ კვირას თბილისში არსებული ბაზრების მოვაჭრეებმა თბილისის მერიასთან აქცია გამართეს. ისინი გარევაჭრობის აკრძალვას ორი მიზეზით ითხოვდნენ. გარემოვაჭრეები კონკურენციას უწევენ გადასახადების გადამხდელებს და, გარდა ამისა, გარევაჭრობის გამო, ქალაქი დაბინძურებულია.

"ვითხოვთ, რომ ქალაქში აიკრძალოს გარევაჭრობა. თბილისში ჩამოსული სტუმარი ხედავს გარევაჭრობის გამო დაბინძურებულ და დამახინჯებულ გარემოს. გარდა ამისა, საქართველოს ადმინისტრაციული სამართლის კოდექსის 153-ე მუხლში გარკვევით წერია, რომ ნებართვის გარეშე ვაჭრობა ისჯება ჯარიმით. ჩვენ მოვითხოვთ, ამ კანონის ამოქმედებას და გარევაჭრობის აკრძალვას. ჩვენ წესიერი გადამხდელები ვერ ვიხდით გადასახადებს და, შესაბამისად, იძულებული ვიქნებით, ბაზრები დავკეტოთ და ჩვენც გამოვიდეთ ქუჩაში სავაჭროდ. თუ ეს აწყობს მერიას, გამოვალთ გარეთ და თბილისს გადავაქცევთ ერთ დიდ ბაზრად", - ნათქვამია მათ მოთხოვნაში.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ არსებული სოციალური ფონიდან გამომდინარე, ესმით თემის სენსიტიურობა და ხისტი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებენ. თბილისის მერია გარემოვაჭრეების საქმიანობის ორგანიზების საკითხებზე მუშაობს, რათა გარევაჭრობა უფრო ორგანიზებული გახდეს და გარემოვაჭრეებმა თავიანთი საქმიანობა სხვა სივრცეში გააგრძელონ, სადაც ისინი გადასახადს არ გადაიხდიან.

"ჩვენი გეგმა გულისხმობს შემდეგს, დამუშავებული გვაქვს გარევაჭრობის ახალი წესი, რომელიც თბილისის გარკვეულ არეალებში გარკვეული სახეობის პროდუქციებზე ისეთი სივრცეების მოწყობას გულისხმობს, რომლებიც მისცემს ამ ყველაფერს უფრო ორგანიზებულ ფორმას", - აღნიშნავს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე.

ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, გარემოვაჭრეთა პრობლემა რადიკალური გზებით არ უნდა გადაიჭრას.

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ საკითხზე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მოსაზრება და მხარდაჭერა, რომ თბილისის იმ ტერიტორიებზე, სადაც დღეს გარევაჭრობაა, ეს გარგევაჭრობა იყოს უფრო ორგანიზებული და საკითხი გადავჭრათ არა ასეთი რადიკალური და საპროტესტო აქციებით, არამედ მაქსიმალურად კომპრომისული გამოსავლით, რომელიც ყველა მხარისთვის იქნება მეტ-ნაკლებად მისაღები", - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

გარევაჭრობის აკრძალვის მომხრეები და გარემოვაჭრეები ერთმანეთს სიტყვიერადაც დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც მაღაზიების მეპატრონეებმა და ბაზრობაზე დასაქმებულმა პირებმა გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით მეტროსადგურ "სადგურის მოედანთან" აქცია გამართეს, სადაც გარემოვაჭრეები ვაჭრობენ.

აქციის მონაწილეები გარემოვაჭრეებს სთხოვდნენ, შეეწყვიტათ გარევაჭრობა და შესულიყვნენ ბაზრობის ტერიტორიაზე.

გარემოვაჭრეების თქმით, ბაზრობაზე საკმაოდ ძვირია გადასახადი, მათ ამის საშუალება არ აქვთ და სწორედ ამიტომ დგანან ქუჩაში.

თბილისის მერიას დაწყებული აქვს გარევაჭრობის შეზღუდვა რიყის ტერიტორიაზე, ჭავჭავაძეზე, ლესელიძის ქუჩაზე. ნარიყალას ტერიტორიაზე, სადაც ფართოდ იყო გარევაჭრობის ლოკაციები გავრცელებული, დღეს იქ გარევაჭრობის შემთხვევები ნაკლებია.

თბილისის მერიამ ასევე შეზღუდა ბორბლებიანი გადასაადგილებელი გარე ვაჭრობისათვის გამიზნული ტრანსპორტების ლოკაცია. აღნიშნული ობიექტები პარკირების პრობლემას ქმნიდნენ და ხელს უშლიდნენ მოქალაქეებს გადაადგილებაში.

თუმცა ეს საკმარისი არ არის და პრობლემა კვლავ აქტუალურია. ყველაზე რთული ლოკაციები გარევაჭრობის მხრივ არის ვაგზლის ტერიტორიაზე, ვარკეთილში, ახმეტელსა და დელისზე.

ბაჩო ჯინჭარაძე

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"